ნიქოზიის „აპოელის“ ქართველმა ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და შეცვლა მოითხოვა. კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში ნიქოზიურ დერბიში „ოლიმპიაკოსთან“ თამაშის 36-ე წუთზე „ოქრიმ“ დისკომფორტი იგრძნო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
ცნობილია, რომ თორნიკეს ტრავმა არ მიუღია, უბრალოდ თავი შეუძლოდ იგრძნო და ამიტომაც, შეცვლა მოითხოვა. "აპოელის" მთავარმა მწვრთნელმა სოფრონის ავგუსტიმ ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ ოქრიაშვილს ფიზიკური სახის დაზიანება არ მიუღია. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას და მურთაზ დაუშვილს, შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მატჩი „ოლიმპიაკოსმა“ მოიგო - 1:0.
„აპოელმა“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, პირველ ტურში „პაფოსთან“ 0:4 განადგურდა და უქულოდ ბოლო ადგილზეა. ნიქოზიელები 19 სექტემბერს, ლიმასოლის „აპოლონს“ ესტუმრებიან, რომლის რიგებში რევაზ ინჯგია და გიორგი პაპუნაშვილი თამაშობენ.