რაგბი

16:13 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

U18 | მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული, 43-კაციანი შემადგენლობა, მარტყოფის ბაზაზე ორკვირიან შეკრებაზე შევიდა.

გუნდი კალინინგრადში 2-9 ოქტომბერს გასამართი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

შეგახსენებთ, 8-გუნდიანი ტურნირი ფლეი-ოფის სისტემით იმართება და ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველო გახდა – 2018 წელს ფინალში საფრანგეთის 8:3 და 2019 წელს ესპანეთის 20:10 დამარცხებით.

ახალი სამწვრთნელო შტაბით

18-წლამდელები მარტყოფის შეკრებაზე განახლებული სამწვრთნელო შტაბით შევიდნენ. მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილია და მას თორნიკე ბუბუტეიშვილი და პაატა მაისურაძე დაეხმარებიან. ამონაშვილი და ბუბუტეიშვილი ერთად 20-წლამდელთა ნაკრებშიც მუშაობენ, მაისურაძე კი წლების განმავლობაში 18-წლამდელთა მენეჯერი იყო.

„ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. 20-წლამდელთა ნაკრებში სისტემა ისე გვქონდა აწყობილი, რომ დამხმარე მწვრთნელები აქტიურობის მხრივ შეზღუდულები არ ვიყავით. შესაბამისად, ამ კუთხით არანაირ წნეხს არ განვიცდი. მწვრთნელები თორნიკე ბუბუტეიშვილი და პაატა მაისურაძე არიან. თორნიკესთან ერთად დიდი ხანია ვმუშაობ, გარკვეული დროით პაატასთანაც მომიწია მუშაობა და ის კარგად ართმევს თავს მოვალეობას. ჩემთვის სასიამოვნოა მათთან ერთად მუშაობა. გარდა ამისა, შემადგენლობაში ის მორაგბეები არიან, რომლებსაც ჩვენთან ერთად აქვთ გავლილი აკადემია და მათ კარგად ვიცნობთ“ – ამბობს ზურაბ ამონაშვილი.

უფროსებთან თამაშის გამოცდილებით

18-წლამდელთა გაფართოებულ შემადგენლობაში მრავლად არიან ისეთი მორაგბეები, რომლებმაც ივნის-ივლისში სამხრეთ აფრიკაში, 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაში ითამაშეს.

უმცროს ბორჯღალოსნებს 18-წლამდე სამხრეთ აფრიკასთან მოსამზადებელი მატჩების სერია აგვისტოში უნდა გაემართა, მაგრამ სტუმრებს ჩამოსვლაში ხელი კოვიდ-პანდემიამ შეუშალა:

„მარტყოფში 16 დღის განმავლობაში, კოვიდ-რეგულაციების დაცვით, სრულ იზოლაციაში მოვემზადებით. გაფართოებულ შემადგენლობაში მრავლად არიან მოთამაშეები, რომლებმაც 20-წლამდელთა სერიაში სამხრეთ აფრიკაში დიდი გამოცდილება მიიღეს და ეს აუცილებლად წაგვადგება, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. სამწუხაროდ, კოვიდის გამო აგვისტოში ვერ ვუმასპინძლეთ სამხრეთ აფრიკელ თანატოლებს და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა გვაქვს“.

„ვეცდებით ეს დანაკლისი ვარჯიშებზე, ინტენსიური ვარჯიშებით აღმოვფხვრათ. შეკრების ფარგლებში 16 და 24 სექტემბერს ორმხრივ თამაშებს ვგეგმავთ, რის შემდეგაც იმ 26 მორაგბეს შევარჩევთ, რომლებიც კალინინგრადში ტიტულის დასაცავად გაემგზავრებიან“ – განაცხადა ამონაშვილმა, რომლისთვისაც ევროპის ჩემპიონატი განვითარების ერთ-ერთ ეტაპად განიხილება:

„რა თქმა უნდა ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ, თუმცა ჩვენთვის უმთავრესი მოთამაშეთა განვითარებაა. ამ ასაკის რამდენიმე ლეგიონერი გვყავს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე მათი გამოძეხებისგან თავი შეგვეკავებინა, რათა სხვებსაც მივცეთ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ეს მომავალში კარგ შედეგს მოგვცემს 20-წლამდელთა ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირის შემდეგ ბევრად უფრო უკეთესები გავხდებით როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად“.

18-წლამდელთა ნაკრები კალინინგრადში 28 სექტემბერს მიემგზავრება და მეოთხედფინალურ შეხვედრას 3 ოქტომბერს გამართავს, ნახევარფინალში 6 ოქტომბერს ითამაშებს, 9 ოქომბერს კი ფინალური დღეა.

18-წლამდელთა გაფართოებული შემადგენლობა

პირველი ხაზი: გიორგი მამაიაშვილი (ლელო), ნიკა გაბედავა (ხარები), ლაშა ფხაკაძე (აია), გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია); ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), გიორგი ჭანტურია (აკადემია), ლუკა მუშკუდიანი (აია), თორნიკე ბოყოველი (ლელო); ბადრი ციხისთავი (ლელო), დავით მჭედლიძე (ლელო), გიგა თუთისანი (აია);

მეორე ხაზი: ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), ზურაბ ტალახაძე (ხარები), ნიკა ლომიძე (ხარები), ლუკა სულუაშვილი (ხვამლი);

მესამე ხაზი: გიგი ქურხული (ვეფხვები), რატი ზაზაძე (არმაზი), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ნიკოლოზ სუთიძე (ლელო), დავით ბერიძე (ლელო), გიორგი გერგედავა (აია), ჯაბა ოდიშარია (ლელო), ნიკა ყაბანაშვილი (ლელო);

9: დავით ხუროშვილი (ლელო), ლადო ტყაბლაძე (აია), მათე ჩქარეული (ყაზბეგი), ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

10: პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (იუნკერები);

12-13: თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), დიტო ბერაია (ლელო), რატი ბერაია (ლელო), ზურაბ ონიანი (არმაზი), თორნიკე კახოიძე (ლელო), ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), საბა ციხელაშვილი (ლელო);

11-14: შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ხორბალაძე (აკადემია), საბა არჩვაძე (ლელო);

15: ვაჟა მიქაძე (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), არჩილ კვარაცხელია (აშშ).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი

ფიზ.მომზადება: გივი ნადარეიშვილი, გიორგი ნადარეიშვილი

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

მასაჟისტი: გურამ ადამია

ექიმი: თემურ გორგოძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

RUGBY.GE

0.129997