ლუქსემბურგში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ასპარეზობა გუნდურ პირველობაში გაიმართა და საქართველოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
საქართველოს ნაკრები პირველი წრისგან თავისუფალი იყო და მეორე წრეში პორტუგალიის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 4:3 მოუგო, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალი ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრებთან უშანსოდ, 1:4 წააგეს და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძეს ბრძოლა, მაგრამ იქ უკვე ნიდერლანდების ნაკრები იყო უკეთესი (2:4) და საქართველომ ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, ინდივიდუალურ პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.