ფეხბურთი

16:20 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი ფეხბურთელებს: "ნუთუ, არ გინდათ, რომ ხალხმა ტაში ერთხელ მაინც დაგიკრას?"
"ეს იყო სამარცხვინო მატჩები და ფეხბურთელებმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა და განვლილი სანაკრებო მატჩები შეაფასა. მან განსაკუთრებით კრიტიკულად ფეხბურთელების მისამართით ილაპარაკა.

როგორც კობიაშვილმა თქვა, მისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ ითამაშა გუნდმა მეტწილად კოსოვოს წინააღმდეგ, როდესაც ფეხბურთელებში თამაშის სურვილი საერთოდ ვერ დაინახა.

„თამაშები ჩემთვის იყო კატასტროფა, სამარცხვინო, ნამდვილად მრცხვენია. მთავარი იყო კოსოვოსთან მატჩი, ამდენი დღე გავიდა, მთელი დღეები ვფიქრობ, რა მოხდა, მაგრამ ვერ ვხსნი. როდესაც ასე თამაშობ, უყველანაირი კრიტიკა უნდა მიიღო და თავი დახარო.

კოსოვოსთან ჩემთვის ყველაფერი გაუგებარი იყო. პირველი თამაში იყო ახალ სტადიონზე, ან სტატისტიკას არ კითხულობენ, მსოფლიოს შესარჩევში ათწლეულია თამაში არ მოგვიგია, რაღაცის შეცვლა ხომ უნდა გინდოდეს, რაღაცის გაკეთება, გარდა ამისა, ეთამაშები არაღიარებულ ქვეყანას. ლოგიკურად რომ შეხედო, ერთადერთი თამაშია, რომელიც უნდა მოიგო, მაგრამ რაც მოედანზე პირველივე წუთიდან ჩანდა, აბსოლუტური კატასტროფა იყო.

დავიჯერო ყოველთვის ცუდი მწვრთნელი გვყავს და ყოველთვის არასწორ შემადგენლობას ირჩევს? ასე არ არის, თუ ფეხბურთელებს არ გავაკრიტიკებთ, შეუძლებელი იქნება, მათაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა. მთელი გერმანია აკრიტიკებდა ლეროი სანეს და ნახეთ, ახლა გოლი გოლზე გააქვს. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა? კოსოვოს თავდამსხმელი უთამაშებელია, რომ დავთვალოთ, ჩვენს ფეხბურთელებს მეტი დრო აქვთ, მაგრამ მოედანზე რამე შეატყვეთ? გუნდი შენზე მეტს დარბის, მეტ ორთაბრძოლას იგებს. 14 ნომერი ჰყავდათ, არ გაჩერებულა.

გეფიცებით, ორჯერ დავთვალე, ხომ 11 ფეხბურთელი ხომ არის-მეთქი. აქ ხომ საუბარი არაა მთელ სეზონზე, კვირეებზე, ერთი კონკურეტული თამაშია, რაც არ უნდა მოემზადებელი ფეხბურთელი იყო, პირველივე წუთიდან ხომ მეტყობა, მინდა თუ არა თამაში?

მართლა მიხარია ნებისმიერი ქართველი სპორტსმენის წარმატება, ნუთუ შენ არ უყურებ და არ გინდა, რომ იგივე ჩვენი ოლიმპიელებივით წარმატებული იყო? ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადა მოიგო, ამას ხომ უყურებენ? შენც ხომ უნდა გინდოდეს, აეროპორტში რომ ჩამოდიხარ, ერთხელ ხალხი დაგხვდეს, ტაში დაგიკრას. გსიამოვნებს თავდახრილი სიარული? ხომ უნდა გინდოდეს, რომ ერთხელ ფეხბურთზეც თქვან ამ ქვეყანაში კარგი?

არ მინდა, შევეხო კონკრეტულ ფეხბურთელებს, მაგრამ მაგალითად, ხოჭოლავა, მწვრთნელი რომ ვარ და პირველ თამაშს ვუყურე, არ მომინდება მეორე მატჩში მისი დაყენება, კარგ შემადგენლობას და გამარჯვებულ შემადგენლობას რომელი მწვრთნელი შეცვლის? გავიგე, რომ გვაკლდა ფეხბურთელები, რომლებზეც დამოკიდებული ვართ, მაგრამ ვინც მოედანზე გადის თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურით, რაღაცის დამტკიცება ხომ უნდა სურდეს? ეს არ ჩანს და ეს მტკივა“, - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან განიცადა მარცხი, ერთადერთი გოლი გაიტანა და 9 გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110714