ავტოსპორტი

1:02 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა სპრინტი მოიგო, ფერსტაპენი პოულზეა

იტალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო სპრინტ რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო, მაგრამ კვირის რბოლის სტარტის პოულ პოზიციას მაქს ფერსტაპენი დაიკავებს. მან სპრინტი მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ ძრავთან დაკავშირებული ჯარიმების გამო, ფინელი პილოტი სტარტზე უკანა რიგში დადგება, ჩემპიონატის ლიდერი კი წინ წაინაცვლებს.

მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა და სტარტს მეოთხედან აიღებს ლუის ჰამილტონი, ვინც სპრინტის სტარტზევე დაკარგა ადგილები და მხოლოდ ერთის ამოქაჩვა შეძლო, ისიც მეტოქის, პიერ გასლის ინციდენტის გამო.

სპრინტში გამარჯვებისთვის, ბოტასმა სამი ქულა მიიღო, ფერსტაპენმა ორი და დანიელ რიკარდომ - ერთი. ამგვარად, რბოლის წინ, ჰოლანდიელმა ჰამილტონთან უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა.

„რბოლა იმაზე უკეთ წარიმართა, ვიდრე ველოდი. ჩვენ რამდენიმე ქულა ავიღეთ. ხვალ კი საინტერესო რბოლა გველის, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ვალტერი უკან დადგება, ლუისი კი მეოთხე პოზიციას დაიკავებს, იოლი არ იქნება. ვნახოთ, რას შევძლებთ მათ წინააღმდეგ“, - განაცხადა ფერსტაპენმა.

„მაკლარენის“ მანქანით პირველ რიგში პირველად დადგება რიკარდო, ვინც ბოლოს ამ ადგილიდან მაშინ (2018 წელი, მექსიკა) აიღო, როცა ფერსტაპენთან ერთად, „რედ ბულში“ ასპარეზობდა.

„კარგი სპრინტი იყო, ყველაფერი კარგად წარიმართა. კარგი სტარტი მქონდა და მანქანაც სტაბილურად მუშაობდა. კარგი უქმეებია, მაგრამ სტარტზე ადგილები დავკარგე. ხდება ხოლმე. ყველაფერი შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, სტარტიდანვე მივაწვები“, - განაცხადა ბოტასმა.

სტარტზე პიერ გასლი, ვინც იტალიის შარშანდელი დიდი პრიზი მოიგო, რიკარდოს უკნიდან დაეჯახა და რბოლას გამოეთიშა. ტრასაზე კი უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, რომელმაც პელოტონი სამი წრე ატარა. რესტარტის შემდეგ კი, ჰამილტონმა ვერაფრით შეძლო ლანდო ნორისის გასწრება.

„ახლა იმაზე ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო, რომ ეს დანაკარგი ავინაზღაურო. ‘რედ ბული“ ძალიან სწრაფია. ფერსტაპენს იოლი გამარჯვების მოპოვება შეუძლია. მე კი უნდა ვეცადო, რომ ეს ორი ბიჭი (რიკარდო და ნორისი) ჩამოვიტოვო“, - განაცხადა ჰამილტონმა.

იტალიის დიდი პრიზი

საკვალიფიკაციო სპრინტი

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 27:54.078
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 2.325
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 14.534
  4. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 18.835
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 20.011
  6. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 23.442
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 27.952
  8. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 31.089
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 31.680
  10. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 38.671
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 39.795
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 41.177
  13. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 43.373
  14. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 45.977
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 46.821
  16. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 49.977
  17. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1:02.599
  18. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ალფა რომეო) 1:05.096
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1:06.154
  20. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 18 წრე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111198