ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოსთვის ბოლო საშეჯიბრო დღე ძალიან კარგად მიმდინარეობს და 7 ძიუდოისტიდან 6 ფინალურ ბლოკშია - 2 ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო 4 ბრინჯაოს მედლისთვის.
90 კგ წონით კატეგორიაში ერთ ბადეში მოხვდნენ ნიკა ხარაზიშვილი და თორნიკე ფოლადაშვილი და ორივე მათგანი მეოთხედფინალამდე მივიდა. ხარაზიშვილმა თავიდან სლოვაკ ბენიამინ მატასეიეს აჯობა, ხოლო ფოლადაშვილმა ესტონელი პატრიკ როოსტფელტდი და ფრანგი მაქსიმ-გაელ ნაგიაპ ჰამბუ დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველები ერთმანეთს შეხვდნენ და იპონით ხარაზიშვილმა მოიგო, რომელმაც მერე ნახევარფინალში უნგრელ პეტერ საფრანისაც აჯობა და ფინალში ნიდერლანდელ ტიგო რენესს დაუპირისპირდება. ფოლადაშვილმა კი რეპეშაჟში გადაინაცვლა და თურქი აჰმეთ ცუჰადარის ბარიერი დაძლია. ბრინჯაოს მედლისთვის ის რუს იხვან ედილსულტანოვს შეხვდება.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ორი ქართველი იბრძოლებს. მიხეილ ჯაფარიძემ ფრანგი ხამზარ საპარბაევი და ნიდერლანდელი ლარს ვისერსი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში უნგრელ შომბორ ვეგთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ მიხალ იედრეზევსკის გაეჯიბრება. ამავე წონაში, დიდებში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ილია სულამანიძე ჯერ იტალიელ დანიელე აკოლის შეხვდა და იმარჯვა, ხოლო მერე პოლონელი მიხალ იედრეზევსკიც დაამარცხა, ნახევარფინალში კი, რუს მატვეი კანინოვსკისთან დამარცხდა. ილია ბრინჯაოს მედლისთვის სლოვაკ ვიქტორ ადამს დაუპირისპირდება.
+100 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ოქროსა და ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს. ფინალში იასპარეზებს საბა ინანეიშვილი, რომელმაც ფინალამდე გერმანელი დანიელ უდსილაური, პოლონელი ვოიცეხ კორდიალიკი და უკრაინელი ოლექსი ჰალაკა დაამარცხა, ხოლო ფინალში უნგრელ რიჩარდ სიპოშს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ირაკლი დემეტრაშვილს აჯობა, თორემ შეიძლებოდა ქართული ფინალი შემდგარიყო. დემეტრაშვილმა ნახევარფინალამდე მისვლა ფრანგი ტიემან დიაბისა და ბელგიელი ივეს ნდაოს ძლევით მოახერხა, ახლა კი ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ ვოიცეხ კორდიალიკს უნდა გაეჯიბროს.
დღესვე ქალთა შორის სალომე მაყიშვილი (+78 კგ) პირველივე წრეში იტალიელ აზია ტავანოსთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა. დღეს ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.