ფეხბურთი

14:04 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსული მედია: "ხვიჩა გონებით უკვე ევროპაშია, მას ორი გზა აქვს და ერთი უნდა აირჩიოს"
"ყველაზე ნიჭიერი თუ გადაფასებული ფეხბურთელი?" - რუსული მედიის სტატია

რუსულმა გამოცემა Championat-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც საინტერესო სათაური აქვს - „ყველაზე ნიჭიერი“ თუ „გადაფასებული ფეხბურთელი“.

სტატიაში ხვიჩას სატრანსფერო საგაზეა საუბარი და წერენ, რომ მას ახლა ორი გზა აქვს - ან უფრო მეტად უნდა იმუშაოს განვითარებისთვის, ან განვითარება შეწყვიტოს. გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელს და კლუბს რეალური წინადადება რომ მიეღოთ, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი პრესასთან საჯაროდ არ ისაუბრებდა იმ კლუბებზე, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ, რადგან ევროპული კლუბები მედიასთან კომენტარის გაკეთებას აგენტს და „რუბინს“ აუკრძალავდნენ. სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„რუბინი“ მთელი ზაფხული ემზადებოდა ხვიჩა კვარაცხელიას გასაყიდად. თითქმის ყოველ კვირას რუსი და ევროპელი ინსაიდერები იტყობინებოდნენ ახალ კლუბებზე, რომლებიც თითქოს ნიჭიერ ქართველს ეპატიჟებოდნენ. ყველაზე მეტად იტალიაში აქტიურობდნენ „იუვენტუსი“, „ინტერი“, „მილანი“, „ატალანტა“, „ნაპოლი“; ასევე რამდენიმე ინგლისური გუნდი - „ტოტენჰემი“, „ევერტონი“, „ლიდსი“ და გარდა ამისა, „ბაიერნი“, „გლადბახი“ და „სევილია“.

გასაოცარია, რომ ერთდროულად ამდენი გუნდის ყურადღება მიიქცია ახალგაზრდა ფეხბურთელმა. მის აგენტ მამუკა ჯუღელსაც მაღალი ინტერესი ჰქონდა. სატრანსფერო ფანჯრის შუაგულში მან დაასახელა 10 კლუბი, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ხვიჩათი და თქვა, რომ კონკრეტული მოლაპარაკება ორ კლუბთან მიმდინარეობდა. მისი აზრით, წასვლის ალბათობა 85-90% იყო.

თუმცა, რეკლამა კარგია რეალური ინტერესით. ბლეფი მყისიერად იგრძნობა. ხვიჩასთვის და „რუბინისთვის“ რომელიმე წამყვან კლუბს რეალური შეთავაზებით რომ მიემართა, პირველი რასაც გააკეთებდნენ, მედიასთან ინფორმაციის დამალვა იქნებოდა. ასე იყო ელდორ შომუროდოვის ტრანსფერზე, როდესაც ბოლო მომენტამდე ყველაფერი უაღრესად საიდუმლო გარემოში მოხდა. შესაბამისად, თუ ტოპლიგის კლუბები მოლაპარაკებებს დაიწყებდნენ, ჩვენ მამუკას საჯარო გამოსვლებს ვერ ვნახავდით. რა თქმა უნდა, იყო კითხვები და შესავალი საუბრები, მაგრამ ამავე დროს ევროპაში „რუბინის“ პოზიციაც გაიგეს, რომ კლუბი 20 მილიონ ევროს ითხოვდა - საკმაოდ ადეკვატური ფასი რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის. თუმცა, ამ ფასზე შეთავაზების გაკეთება ვერავინ გაბედა.

„ჩვენ მისი ფასი არ დაგვისახელებია, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მაღალი მოთხოვნები გვაქვს. მინიმუმ ერთი რუბლის შეთავაზებაც რომ მიგვეღო, ამას ვიტყოდი, მაგრამ რუბლიც არ შემოუთავაზებიათ, ასე რომ, სალაპარაკო რა არის? ჩვენ მზად ვიყავით მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ შეთავაზება არ ყოფილა. ის დარჩა და ჩვენ გვიხარია“, - თქვა „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

ზამთარში ასეთი დიდთანხიანი გარიგება იშვიათია. ეს ნიშნავს, რომ ხვიჩა ალბათ კიდევ ერთ წელს გაატარებს „რუბინში“. კონფერენს ლიგიდან გავარდნის გამო ის თავის შესაძლებლობებს ევროტურნირებზე ვერ დაამტკიცებს და მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოუწევს ბრძოლა. ახლა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავთან მოთხოვნები არ შეამციროს და განვითარება არ შეწყვიტოს. ამ პრობლემის წინაშე ის დგას.

ამბობენ, რომ აგვისტოს ჩათვლით ფეხბურთელი ლეონიდ სლუცკისთან კამათობდა და სთხოვდა ის ნაკლებად დაეტვირთა, რომ ტრავმები თავიდან აერიდებინა. მთავარმა მწვრთნელმა უარი თქვა და მას პირველივე წუთებიდან ათამაშებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში ხვიჩა დაშავდა - ეს ოფიციალური ვერსიაა. არაოფიციალური ვერსიით კი, ფეხბურთელი დაიღალა ყველაფრით და უარი თქვა თამაშზე, რადგან სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ევროპაში გადავიდოდა.

„ვფიქრობ, საუბრებმა მასზე რატომღაც გავლენა მოახდინა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. შესაძლოა, მას ეგონა, რომ გუნდს დატოვებდა, რამაც მისი დეტსაბილიზაცია გამოიწვია. ახლა ის აუცილებლად დამშვიდდება და ითამაშებს“, - თქვა საიმანოვმა.

ყაზანში მის შემცვლელად ორი ფეხბურთელიც დაიმატეს - ანდერს დრეირეი და შეად ჰახშაბანოვიჩი. ახლა ლიმიტის პირობებში მოუწევთ ინტეგრირება ახალ მოდელთან და რომელიმეს განაცხადს მიღმა დატოვება.

ეს სეზონი ნამდვილად ყველაზე რთული იქნება ხვიჩასთვის. მენეჯმენტმა და მწვრთნელმა შეიძლება თქვან, რომ ის მზად არის სათამაშოდ, მაგრამ მხოლოდ თავად ფეხბურთელმა იცის თავისი შესაძლებლობები. ასე რომ, ნიჭიერ ქართველს ორ გზა აქვს - ან განვითარებას შეაჩერებს და ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელიდან გახდება ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელი და ერთ წელიწადში „იუვენტუსთან“ ახლოსაც არ იქნება, ან დაიწყებს უფრო აგრესიულად მუშაობას, პრემიერლიგაში საკუთარ თავს კარგად წარმოაჩენს და მომავალ ზაფხულს ევროპაში გადავა.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ყოველივე ამის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ყველა გეგმას მას უკავშირებს - ტყუილად არ დაარქვა თავის ძაღლს კვარა“, - წერს გამოცემა სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მან ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და 13 სექტემბერს, შესაძლოა „ურალთან“ ითამაშოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1175