ავტოსპორტი

1:51 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერის მეუღლე ამბობს - მიხაელი სხვანაირია, მაგრამ ჩვენთანაა

მიხაელ შუმახერის მეუღლე კორინა ამბობს, რომ ფორმულა 1-ის ლეგენდა „ამჟამად სხვანაირია, მაგრამ ის ჩვენთანაა“. ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი რეაბილიტაციის კურსს აგრძელებს. მას სათხილამურო ფერდობზე ინციდენტი 2013 წლის დეკემბერში შეემთხვა, რა დროსაც, თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

52 წლის შუმახერის ოჯახმა, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება მაქსიმალურად შეზღუდა. „ნეტფლიქსის“ დოკუმენტურ ფილმში, რომლის პრემიერაც 15 სექტემბერს არის დაგეგმილი, კორინა ამბობს, რომ ოჯახისთვის კონფიდენციალობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ის ყოველდღე მიჩვენებს, რამდენად ძლიერია. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, თერაპიას გავდივართ. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მიხაელი უკეთ იყოს, ოჯახურ სითბოს გრძნობდეს. და რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს გავაკეთებ, ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ მისთვის. ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც ოჯახი, როგორც მიხაელს უყვარდა. პირადული პირადულია, როგორც ის ყოველთვის ამბობდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი პირადი ცხოვრება დავიცვათ. მიხაელი ყოველთვის გვიცავდა ჩვენ, ახლა კი ჩვენ მას ვიცავთ“, - ამბობს კორინა.

მიხაელმა მსოფლიო ჩემპიონის ორი ტიტული „ბენტონთან“ ერთად, 1994 და 1995 წლებში მოიპოვა. მერე კი „ფერარიში“ გადავიდა, რომელთან ერთადაც, 2000-04 წლებში, მსოფლიო ჩემპიონი კიდევ ხუთჯერ გახდა. 2006 წელს ფ1-დან წავიდა, მაგრამ 2010 წელს დაბრუნდა და 2012 წლამდე „მერსედესთან“ ერთად ასპარეზობდა.

მიხაელის და კორინას შვილი, მიკ შუმახერი, წელს ფორმულა 1-ში სადებიუტო სეზონს ატარებს.

0.115156