ავტოსპორტი

3:55 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალბონი ფორმულა 1-ში ბრუნდება

ტაილანდელი მრბოლი ალექს ალბონი, ვისაც „რედ ბულის“ მხარდაჭერა აქვს, მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში დაბრუნდება და „უილიამსში“ იმ ვაკანსიას დაიკავებს, რომელიც ჯორჯ რასელის „მერსედესში“ წასვლით გაჩნდება. ბრიტანულ გუნდში ის კანადელი ნიკოლას ლატიფის თანაგუნდელი იქნება.

25 წლის ალბონი „რედ ბულის“ სარეზერვო და ტესტ პილოტია. გარდა ამისა, გერმანიის ტურინგქარის (DTM) სერიაშიც ასპარეზობს. შარშან ის „რედ ბულის“ საპრიზო პილოტი იყო, მაგრამ გუნდმა არადამკმაყოფილებელი შედეგების გამო გაუშვა.

„როდესაც ერთ წელს ფორმულა 1-ის მიღმა გაატარებ, დარწმუნებული ვერ იქნები, რომ დაბრუნებას შეძლებ. ამიტომ „რედ ბულის“ და „უილიამსის“ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მეორე შანსი მომცეს“, - ამბობს ტაილანდური წარმოშობის პილოტი, ვინც მრბოლად ბრიტანეთში ჩამოყალიბდა.

„ალექსი მოტორსპორტში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი პილოტია, ვისაც ფ1-ში დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი. მას რედ ბულთან ერთად, არაერთხელ დაუკავებია კვარცხლბეკის საფეხური, რაც მის სიჩქარეზე მეტყველებს. დარწმუნებულები ვართ, ჩვენთან თავიდანვე გაშინაურდბა“, - განაცხადა „უილიამსის“ შეფმა ჯოსტ კაპიტომ.

„რედ ბულის“ პილოტის „უილიამსში“ გადასვლის გამო, შეშფოთება გამოთქვა „მერსედესის“ (რომელიც უილიამსს ძრავებით ამარაგებს) შეფმა ტოტო ვოლფმა. მაგრამ ამის პასუხად კაპიტომ განაცხადა, რომ ამიერიდან ალბონი „უილიამსის“ პილოტია და რომ გუნდი მასთან ხანგრძლივ თანამშრომლობას აპირებს.

„ვფიქრობ, ტოტო აცნობიერებს, რომ ჩვენ არ ვართ B გუნდი, ჩვენ არ ვართ სატელიტური გუნდი. ჩვენ თავად ვღებულობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენთვის მართებულია“, - დასძენს კაპიტო, ვისაც „ფოლკსვაგენ მოტორსპორტში“ და „ზაუბერში“ მუშაობისას, „რედ ბულთან“ მჭიდრო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12219