ჩოგბურთი

1:28 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვალიფიკაციაგამოვლილი რადუჩანუ აშშ-ის ღიას ნახევარფინალშია

ბრიტანელმა თინეიჯერმა ემა რადუჩანუმ აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში ოლიმპიური ჩემპიონი, შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი 6-3, 6-4 დაამარცხა და და გახდა პირველი კვალიფიკაციაგამოვლილი ჩოგბურთელი, ვინც ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

შეხვედრის დასაწყისში, ბენჩიჩი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ რადუჩანუმ მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. უფრო მეტიც, მან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და პირველი სეტი, რომელშიც სამი ეისი მოაწოდა და შვიდი ქულა წაღმა დარტყმებით დააგროვა, თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რადუჩანუს მსგავსად, ბერნჩიჩმაც მეოთხედფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია. მაგრამ ბრიტანელთან შეხვედრისას, პირველი მოწოდება არ უვარგოდა. პირველ სეტში კი, გადამწყვეტ მომენტებში, ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა.

რადუჩანუმ მეორე სეტიც უპირატესობით ჩაატარა. თუმცა მეორე გეიმში, სამი ბრეიკ პოინტის მოგერიებამ მოუწია. ბენჩიჩმა მეხუთე გეიმში ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ბრეიკის აღებაში ხელი შეუწყო. ამით გაწბილებულმა, ჯავრი ჩოგანზე იყარა.

და მაინც, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გაიბრძოლა. მეტოქის ბოლო ორ გეიმში, ის თავიდან 0-30 დაწინაურდა. მაგრამ რადუჩანუმ ორივეჯერ შეძლო ნერვების მოთოკვა და ორივე გეიმი გადაარჩინა. განსაკუთრებით დაძაბული ბოლო გათამაშება გამოდგა, რომელშიც მეტოქეებს ცხრა-ცხრა დარტყმის შესრულება დასჭირდათ. საბოლოოდ კი ისევ რადუჩანუმ მიაღწია მიზანს და შეხვედრასაც წერტილი დაუსვა.

„ბელინდასთან თამაში რთულია. მის მიერ დარტყმული ბურთები ძალიან სწრაფებია. ის ძლიერად ურტყამს და რამდენჯერმე ასეთი დარტყმების წინააღმდეგ ვერაფერი მოვახერხე“, - განაცხადა 18 წლის რადუჩანუმ. დიდი სლემის ტურნირებზე მისი დებიუტი ორიოდე თვის წინათ, უიმბლდონზე შედგა და მაშინ მეოთხე წრეს მიაღწია.

0.114255