ჩოგბურთი

11:03 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღიას მეოთხედფინალი ამერიკელების გარეშე პირველად ჩაივლის

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე წრეში, ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის (ფოტოზე) მოუგო, ტურნირის მამაკაცთა ბადე, ამერიკელი ჩოგბურთელის გარეშე დარჩა. მისი 140-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს იქნება პირველი მეოთხედფინალი, რომელშიც ადგილობრივი ჩოგბურთელი არ ითამაშებს.

ამერიკელებს მამაკაცთა ტურნირი 85-ჯერ აქვთ მოგებული, ქალთა ტურნირში კი 92-ჯერ გაიმარჯვეს. ტურნირი, რომელსაც ადრე აშშ-ის ეროვნული ჩემპიონატი ერქვა, პირველად 1881 წელს ჩატარდა.

ფლეშინგ მედოუსზე წელს მეოთხე წრეს სამმა ამერიკელმა მამაკაცმა და ერთმა ქალმა ჩოგბურთელმა მიაღწია. მათ შორის იყო 22-ე ნომრად განთესილი რეილი ოპელკა. მაგრამ ტურნირს ოთხივე გამოეთიშა.

„ტოპ ასეულში 14 ან 15 ამერიკელია, მაგრამ მსოფლიო კლასის არცერთია. არ მგონია, პიტ სამპრასის და ანდრე აგასის ეპოქა კიდევ განმეორდეს. ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის იშვიათობაა. არადა, სამწუხაროა. ამდენი ჩოგბურთელი გვყავს ასეულში და დიდი სლემის ფინალისტი ერთიც არაა. თუმცა ვფიქრობ, რომ დროის ამბავია, სანამ ერთ-ერთი მათგანი ამას შეძლებს“, - ამბობს ოპელკა, ვინც განუთესავ სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისთან დამარცხდა.

უკვე 18 წელია, რაც ამერიკელ მამაკაც ჩოგბურთელს დიდი სლემის ტურნირი მოგებული არ აქვს. ამერიკელთაგან ბოლოს 2003 წელს ენდი როდიკმა აშშ-ის 2003 წლის ღია პირველობა მოიგო.

ქალ ჩოგბურთელებში ამერიკელებს საქმე უკეთ აქვთ. მათგან ბოლომ დიდი სლემის ტურნირი სოფია კენინმა მოიგო (ავსტრალია, 2020 წელს). ამასთან, რეიტინგის ასეულშიც არაერთი ამერიკელია. ყველაზე ტიტულოვანი სერენა უილიამსია, ვის ანგარიშზეც დიდი სლემის 23 ტიტულია და მათან ექვსი აშშ-ის ღიაზე აქვს მოპოვებული.

ნიუ იორკში ბოლო 12 გამოსვლისას, ის ყოველთვის ახერხებდა მეოთხედფინალში გასვლას, მაგრამ ტრავმის გამო, წელს ფლეშინგ მედოუსზე ვერც მან და ვერც კენინმა ვერ ითამაშეს.

ამერიკელებს იმედი ჩაესახათ მას შემდეგ, რაც შელბი როჯერსმა მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ეშლი ბარტის მესამე წრეში მოუგო. მაგრამ მეოთხე წრეში, თავად დამარცხდა ბრიტანელ ამომავალ ვარსკვლავთან, 18 წლის ემა რადუჩანუსთან.

0.112873