ავტოსპორტი

1:32 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რასელი კარიერას „მერსედესში“ გააგრძელებს

ვალტერი ბოტასს, ვინც მომავალი სეზონიდან, ფორმულა 1-ში გამოსვლას „ალფა რომეოსთან“ ერთად გააგრძელებს, „მერსედესში“ ჯორჯ რასელი შეცვლის. ეს ინფორმაცია, რომელიც ბოტასის გადასვლის შემდეგ, მოსალოდნელი იყო, დღეს გერმანულმა გუნდმა გაავრცელა.

ამგვარად, მომავალი სეზონიდან, „მერსედესის“ ორივე პილოტი ბრიტანელი იქნება. რასელმა შარშან კორონავირუსით ინფიცირებული ლუის ჰამილტონი შეცვალა (ბაჰრეინში) და რომ არა გუნდის შეცდომა, რბოლის მოგების შანსიც ჰქონდა. წელს კი, საშუალოზე სუსტი „უილიამსის“ მანქანით, ბელგიაში კვალიფიკაციაზე მეორე საუკეთესო დრო დააფიქსირა, რომელიც „რბოლაში“ მეორე ადგილად გარდაისახა.

რასელის მსგავსად, ბოტასიც 2017 წელს და უფრო ადრე ნკო როსბერგიც, გუნდში „უილიამსიდან“ გადავიდნენ. სამქიმიანები 13 ეტაპის შემდეგ, კონსტრუქტორთა ჩემპიონატს ლიდერობენ. მაგრამ პილოტთა ჩათვლაში წინ „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენია.

ჰამილტონს „მერსედესთან“ კონტრაქტი 2022 და 2023 წლებშიც აკავშირებს და შემდეგ ალბათ კარიერას დაასრულებს. ეს კი ნიშნავს, რომ მისი წასვლის შემდეგ, გუნდის ლიდერობას დიდი ალბათობით, რასელი გადაიბარებს.

„ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ ამბით აღფრთოვანებული არ ვარ. ეს დიდი შესაძლებლობაა და მას ორივე ხელით ჩავებღაუჭები. მაგრამ იმის ილუზიაც არ მაქვს, რომ ეს ადვილი გამოწვევაა. ჩემთვის ეს სწავლის ეტაპი იქნება. ლუისს მას შემდეგ ვუყურებ, რაც გო-კარტის რბოლებში ვმონაწილეობდი და მისგან სწავლა მე ძალიან გამომადგება არამხოლოდ როგორც მრბოლს, არამედ როგორც პიროვნებას“, - ამბობს 23 წლის რასელი.

„ჯორჯი ყველა კატეგორიაში, რომელშიც ასპარეზობდა, ჩემპიონი გახდა და იმ სამ სეზონშიც, რაც „უილიამსში“ გაატარა, კარგად დაგვანახა თავისი შესაძლებლობები და ის, თუ როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს ფ1-ში. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ლუისთან ერთად, როგორ დავეხმარებით სრულყოფაში. დარწმუნებული ვარ, ორივე ერტად, ძლიერ გუნდს ჩამოაყალიბებს და „მერსედესს“ წარმატებებს მოუტანენ“, - ამბობს „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი.

ამგვარად, „უილიამსში“ ვაკანსია გაჩნდა, რომელიც შესაძლოა, „რედ ბულის“ ყოფილმა პილოტმა, ტაილანდელმა ალექს ალბონმა, ან „მერსედესის“ სკოლის კურსდამთავრებულმა, ფორმულა E-ს ჰოლანდიელმა ჩემპიონმა ნიკ დე ფრისმა შეავსოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118295