კალათბურთი

0:25 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი ნაკრების წევრი თსუ-ში: მიხეილ ბერიშვილი სუპერლიგაში ითამაშებს

მიხეილ ბერიშვილი თსუ-ში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, რომელიც გასული 3 წელი საზღვარგარეთ ასპარეზობდა, მომავალ, 2021-2022 წლების სეზონს სუპერლიგის კლუბში გაატარებს. ბერიშვილის კარიერა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში, 2004 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მან არაერთი უცხოური და ქართული კლუბი გამოიცვალა, მოიგო ბევრი ტიტული და წლეულს კვლავ სუპერლიგას დაუბრუნდა.

სანაკრებო კარიერიდან აღსანიშნავია 2006 წელი, როცა ბერიშვილმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის B დივიზიონი მოიგო და უძლიერესთა შორის ადგილი მოიპოვა. მიხეილ ბერიშვილს ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის ევრობასკეტზე აქვს ნათამაშები, როცა ჩვენმა გუნდმა ლიეტუვა და ისრაელი დაამარცხა, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ბერიშვილს საქართველოში თითქმის ყველა ტიტული აქვს მოგებული. ის გახლავთ საქართველოს სამგზის ჩემპიონი. პირველად სუპერლიგა 2015 წელს, შსს-აკადემიაში ყოფნისას მოიგო, ხოლო მომდევნო ტიტულები 2017 და 2018 წლებში, თბილისის დინამოს მაისურით მოიპოვა.

ბერიშვილს 4-ჯერ აქვს ნათამაშები სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში: 2008, 2011, 2017 და 2018 წლებში. 2017-ში ის ოლ სტარის MVP გახდა. მას მთლიანობაში სუპერლიგის 6 გუნდში უთამაშია: თსუ, აგრარული უნივერსიტეტი, არმია, ოლიმპი, შსს-აკადემია და დინამო.

საზღვარგარეთული კარიერა მიხეილ ბერიშვილისთვის 2008-2009 წლების სეზონში დაიწყო, რასაც წინ უძღოდა მისი ნბა-ს განვითარების ლიგის (D-League) დრაფტზე არჩევა. იგი “ტოლსა 66”-მა დრაფტზე აიყვანა, თუმცა ბერიშვილი ამ გუნდში დიდხანს არ გაჩერებულა და სუპერლიგის გუნდ “აგრარულ უნივერსიტეტში” დაბრუნებისა და რეგულარული ჩემპიონატის დახურვის შემდეგ, კონტრაქტი ესპანურ გუნდ “პრატ ხუვენტუდთან” გააფორმა. მიხეილ ბერიშვილმა ესპანური კარიერა 2009-2010 წლების სეზონშიც გააგრძელა და 12.3 ქულით კლუბ “არიდანეს” ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ბერიშვილს კიდევ 2 უცხოურ კლუბში აქვს ნათამაშები. 2014-2015 წლებში ის სლოვენიის უმაღლესი ლიგის გუნდ “ზლატოროგის” ღირსებას იცავდა, ხოლო ბოლო 3 სეზონი კატარის კლუბ “ალ შამალში” გაატარა, სადაც გუნდის ლიდერი იყო და 2019-2020 წლებში ამ ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ გახდა.

აღსანიშნავია, რომ კატარულ “ალ შამალში” ბერიშვილთან ერთად გიორგი ცინცაძე თამაშობდა, რომელმაც თსუ-თან კონტრაქტი 15 ივლისს გააფორმა. ცინცაძესთან ერთად თსუ-ში ითამაშებს კიდევ ერთი ნაკრების მოთამაშე – ნიკოლოზ დარბაიძე, რომელიც გასულ სეზონში “დინამოში” გაატარა და უნივერსიტეტის გუნდთან კონტრაქტი გასულ ივლისში გააფორმა.

მიხეილ ბერიშვილი კომენტარში იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ აირჩია სუპერლიგაში დაბრუნება და თსუ-ში თამაში.

– ბოლო წლები უცხოეთში გავატარე და ახლაც მქონდა შემოთავაზებები როგორც საზღვარგარეთიდან, ისე ქართული კლუბებიდან, მაგრამ თსუ-ში თამაში გადავწყვიტე. ამის რამდენიმე მიზეზი მქონდა და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თსუ-თან მე საკუთარი ისტორია მაკავშირებს. კარიერა უნივერსიტეტის გუნდში დავიწყე, თსუ-ში მოვიგე ჩემი პირველი ტიტული დიდ გუნდებში – საქართველოს თასი. თსუ-ში ვთამაშობდი 2010-2011 წლების სეზონშიც და ამ კლუბთან მხოლოდ დადებითი ემოცია მაკავშირებს.

– ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ თსუ-ში გიორგი ცინცაძე თამაშობს. მასთან მე არაერთ გუნდში, ასევე ეროვნულ ნაკრებში ვყოფილვარ და ახლო მომავალშიც, ნაკრებში კვლავ ერთად მოგვიწევს თამაში. კარგი იქნება, რომ ერთ გუნდში ვართ და ერთმანეთთან მოედანზე კიდევ უფრო კარგად შეთამაშებული ვიქნებით. ამასთან, თსუ-შია ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ნიკა დარბაიძე და ეს ფაქტორი სამივე ჩვენგანისთვის სასარგებლოა.

– ბოლო წლები კატარში გავატარე, სადაც ტიტულები კი მოვიგე, მაგრამ რიგი მიზეზების გამო გარკვეულ თამაშებზე ვერ შევძელი ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა. მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ნოემბერში და შემდეგ თებერვალში ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშები ელის და საქართველოს სუპერლიგაში ყოფნით ზემოთნახსენები პრობლემები არ შემექმნება.

GBF.GE

0.153173