ფეხბურთი

22:03 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში განსხვავებულად ვითამაშებთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, რომ ზოგჯერ იმედგაცრუება საჭიროა მომავალში უკეთ მუშაობისთვის და ის დარწმუნებულია, რომ ნაკრები ოქტომბერსა და ნოემბერში გაცილებით კარგად ითამაშებს.

"ეროვნულ ნაკრებში გამართული ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია, იქნება ეს საკვალიფიკაციო ეტაპი თუ ამხანაგური. მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, მაქსიმალურად ვცდილობ როტაციის პრინციპი გამოვიყენო, რადგან ვთვლი, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ მოთამაშეები ვისი ნახვაც მსურს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელიც შანსს იმსახურებს, რადგან სწორედ ისინი არიან ეროვნული ნაკრების მომავალი.

​კოსოვოს წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა ცუდი მოგონებები დაგვიტოვა, რადგან ამ შეხვედრის მიმართ სხვა მოლოდინი გვქონდა. ესპანეთთან ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც კოსოვოსთან. მეორე ნახევარში კი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით.

ბოლო დღეებში ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი მქონდა, თუ რა მოლოდინი მაქვს მე და რას მოითხოვს უმაღლეს დონეზე თამაში. იმიტომ, რომ ვფიქრობ აუცილებლად უნდა გავიზარდოთ და გავიაზროთ, რომ თუ გვსურს ეროვნული ნაკრები განვითარდეს ყოველდღიურად უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ​ჩემი აზრით, საუბრები, რომელიც გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა. ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში უკეთ იმუშაო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და მითუმეტეს ოქტომბერ-ნოემბერში, მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს", - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი სანიოლის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 8 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

0.146145