სხვა

3:50 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩმა ვუელტას ჰეთ-ტრიკი შეასრულა

სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა ვუელტას ბოლო ეტაპი - დროზე ინდივიდუალური რბოლა მოიგო და ზედიზედ მესამედ გახდა ესპანური ველომარათონის ჩემპიონი. „ჯუმბო-ვისმას“ მრბოლმა 33.8-კილომეტრიანი რბოლა 44 წუთსა და 02 წამში დაასრულა და 14 წამით აჯობა მეორეზე გასულ დანიელ მაგნუს კორტ ნილსენს (EF ედუქეიშენ).

როგლიჩმა საბოლოოდ 4 წუთზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ ესპანელ ენრიკ მასს (მოვისტარი). მესამე ადგილზე კი „ბაჰრეინ ვიქტორიოუსის“ ავსტრალიელი ჯეკ ჰეიგი გავიდა, ვინც ჩემპიონს 7 წუთზე მეტით ჩამორჩა.

„ეს კვირა ძალიან რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მოგებასთან ახლოს ვიყავი, მაინც მხოლოდ კონკრეტულ რბოლაზე ვიყავი ფოკუსირებული. თავი არ დამიზოგავს. დაუჯერებელია. ხანდახან ბევრს იგებ, ხან არაფერს. რიცხვებზე და სტატისტიკაზე არასდროს ვაკეთებ აქცენტს“, - განაცხადა 31 წლის როგლიჩმა, ვინც წლევანდელ ვუელტაზე ყველაზე მეტი, ოთხი ეტაპი მოიგო. საუკეთესო იყო დროზე რბოლაშიც და მთაშიც. და ამ საუკუნეში, ყველაზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

როგლიჩი სულ მეოთხე ველომრბოლია, ვინც ვუელტა ორზე მეტჯერ მოიგო. 1992-1994 წლებში ეს შვეიცარიელმა ტონი რომინგერმა შეძლო, 2000, 2003-2005 წლებში ჩემპიონი ესპანელი რობერტო ერასი ხდებოდა, 2008, 2012, 2014 წლებში კი ველომარათონი ესპანელ ალბერტო კონტადორს აქვს მოგებული.

0.123295