საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ამ გუნდებს შორის სხვაობა ძალიან დიდია და ყველა ასპექტში ესპანეთმა საქართველოს აჯობა.
სანიოლი განსაკუთრებით უკმაყოფილი მატჩის დასაწყისით დარჩა, მას კატასტროფული უწოდა და აღნიშნა, რომ გუნდმა თამაში ღირსების გარეშე დაიწყო.
„ძალიან რთულ თამაშს ველოდით, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა. თამაში კატასტროფულად დავიწყეთ, ჩვენი მხრიდან ყოველგვარი ღირსების გარეშე. მეორე ტაიმში გავაუმჯობესეთ, გარკვეული საგოლე მომენტები გვქონდა და ეს იყო მცირე პოზიტივი, რაც ამ თამაშიდან მივიღე.
ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მთელი მატჩის თამაშს ვერ უძლებენ, რადგან თავიანთ კლუბებში ერთ საათზე მეტს არ თამაშობენ. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ 90 წუთი არ შემიძლია, რომ ვათამაშო, ამიტომაც, მომიწია იძულებითი ცვლილებების გაკეთება. ჩვენს შორის განსხვავება უზარმაზარია, მათ ყველა ყველა სათამაშო ასპექტში გვაჯობეს, მაგრამ განსაკუთრებით ფეხბურთელების ტექნიკურ თვისებებში სხვაობამ იქონია გავლენა თამაშზე. ესპანეთის ნაკრებს და განსაკუთრებით ჩემს მეგობარ ლუის ენრიკეს შესარჩევ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებ“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ხუთ მატჩში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს, სტუმრად ბულგარეთთან გამართავს, რომელსაც ამხანაგურის სტატუსი აქვს.