ფეხბურთი

1:28 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების რეკორდი და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ბეწვის ხიდზე

იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყარა წაუგებელი მატჩების რაოდენობით. „სკუადრა აძურამ“ არნახულ ნიშნულს ბაზელში უწია, სადაც შვეიცარიის ნაკრებთან უგოლო ფრე ითამაშა.

რობერტო მანჩინის გუნდს აუცილებლად მოსაგები ჰქონდა, დიდ უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. ყველაზე რეალური შანსი ხელიდან ჟორჟინიომ გაუშვა, რომელმაც 52-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა და იტალია ნულოვან ფრეს დასჯერდა.

თუმცა, წაუგებელი სერია, რომელიც სათავეს 2018 წლის 10 სექტემბრიდან იღებს, გრძელდება. 36 წაუგებელი თამაში სანაკრებო ფეხბურთში უნიკალური შედეგია. იტალიამ ამ 36 მატჩიდან 29 მოიგო, 7-ჯერ ფრე ითამაშა. ამ პერიოდში რობერტო მანჩინის გუნდი ევროპის ჩემპიონიც გახდა - მოკლედ, ფანტასტიკური შედეგები აქვს. იტალიამ ბრაზილიისა და ესპანეთის შედეგები გააუმჯობესა (ორივეს 35 მატჩი წაუგებლად).

მიუხედავად ამ ფეერიული სიტუაციისა, ჯგუფიდან გასვლა მაინც სათუო გახდა. იტალია შვეიცარიას 4 ქულით უსწრებს, მაგრამ დაკარგული ქულებით შვეიცარია წინაა, რადგან ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და არც ისე რთულ ჯგუფშია, რომ სხვაგან ქულები დაკარგოს. იტალიის ნაკრების ერთადერთი იმედი ნოემბერში, რომში იმავე შვეიცარიასთან გასამართი მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგოს და თუ ამის გაკეთებას მოახერხებს, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, რაც მუნდიალის საგზურის ტოლფასი იქნება. თუმცა, თუ ვერ მოიგებს, მეორე ადგილზე გავა, რაც პლეი-ოფში გაიყვანს, სადაც გარანტირებული არაფერი ექნება. გავიხსენოთ, რომ მუნდიალზე გასასვლელი ბოლო პლეი-ოფი იტალიისთვის კატასტროფულად დასრულდა, როცა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

იტალიის ნაკრები უახლოეს მატჩს 8 სექტემბერს, შინ ლიეტუვასთან გამართავს და ეცდება წაუგებელ შეხვედრათა რაოდენობა 37-მდე გაზარდოს, ოქტომბერში კი ერთა ლიგის ფინალური ეტაპი ელოდება, რომელსაც იტალიის ორი ქალაქი, მილანი და ტურინი უმასპინძლებს.

0.116226