ავტოსპორტი

0:07 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა საშინაო რბოლა მოიგო და ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა

მაქს ფერსტაპენმა საშინაო რბოლა, ჰოლანდიის დიდი პრიზი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა. ზანდფოორტის ტრეკზე, მან გამარჯვება პირამდე ავსებული და ჰოლანდიის დროშის ფერებში აჭრელებული ტრიბუნების წინაშე მოიპოვა - ქვეყანა ფ1-ის პირველი ჰოლანდიელი ჩემპიონის მოლოდინშია და ფერსტაპენს ამ მოლოდინის დასრულების საუკეთესო შანსი აქვს.

ჰოლანდიის დიდი პრიზი 36 წელიწადში პირველად ჩატარდა. 23 წლის ფერსტაპენმა ის პოულიდან მოიგო და თავის მთავარ მეტოქეს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, მცირე შანსიც არ დაუტოვა. ფინიშთან მათ შორის სხვაობა 20.932 წამი იყო. რბოლა მესამემ დაასრულა ჰამილტონის თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა, ვინც ჩემპიონატშიც მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ყველა დანარჩენი მეტოქე, რომელთა შორისაც ყველაზე სწრაფი პიერ გასლი იყო, ფერსტაპენმა წრეზე ჩამოიტოვა. ამ მოგებით, ფერსტაპენმა ჰამილტონს 3 ქულით გადაასწრო. მათ შორის სხვაობა იქნებოდა, რომ არა ჰამილტონის მიერ, რბოლის მიწურულს დაფიქსირებული უსწრაფესი წრე. ეს ამ სეზონში გამართულ 13 რბოლაში, ფერსტაპენის მეშვიდე გამარჯვებაა.

„მოლოდინი იმისა, რომ მე უნდა გამემარჯვა, ძალიან დიდი იყო. ეს კი იოლი არ იყო. მაგრამ ეს შევძელი და მიხარია. თანაც, ჩემპიონატში ლიდერობა დავიბრუნე. საოცარი დღეა“, - განაცხადა ფერსტაპენმა.

ჰამილტონი უკმაყოფილო დარჩა გუნდის მიერ შერჩეული სტრატეგიით. ის თვლის, რომ მეტისმეტად ადრე უხმეს პირველ სტოპზე. მაგრამ ისიც აღიარა, რომ ფერსტაპენი მიუწვდომელი იყო. და არც ის დავიწყნია, რომ 70 000 მაყურებლის (პანდემიის გამო, მეტი მეტი არ დაუშვეს) ენთუზიაზმი შეექო.

„დიდებული რბოლა იყო, დიდებული მაყურებლით. საოცარი უქმეები გვქონდა. მაქსმა შესანიშნავად იმუშავა და ვულოცავ მას. ყველაფერი ვიღონე, მაგრამ ისინი დღეს ჩვენთვის მეტისმეტად სწრაფები იყვნენ“, - განაცხადა ჩემპიონმა.

ფერსტაპენი პირველივე წრის შემდეგ, ჰამილტონს 1.7 წამს უგებდა. მე-20 წრეზე კი, როცა ჰამილტონს ბოქსებში უხმეს, მათ შორის სხვაობა 3.5 წამი იყო. „რედ ბულმა“ მომდევნო წრეზევე პიტსტოპზე შეიყვანა თავისი ლიდერი. მოწინავე პოზიციაზე ბოტასმა გადაინაცვლა, ვისაც გუნდმა პიტსტოპი მაქსიმალურად დაუგვიანა იმ იმედით, რომ ფერსტაპენის შეყოვნებას შეძლებდა. მაგრამ ასე არ მოხდა - ჰოლანდიელს გასწრებაზე დრო არც დაუკარგავს, პირველივე შესაძლებლობა სტარტ-ფინიშის სწორზე გამოიყენა და ლიდერობა დაიბრუნა, რითაც მაყურებლის აღტაცება გამოიწვია.

ჰოლანდიის დიდი პრიზი

ზანდფოორტი, დისტანცია 306.648 კმ (4.259 კმ, 72 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:30'05.395
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 20.932
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 56.460
  4. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1 წრე
  6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1 წრე
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1 წრე
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1 წრე
  12. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2 წრე
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2 წრე
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2 წრე
  15. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ალფა რომეო) 2 წრე
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2 წრე
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 3 წრე
  18. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 3 წრე
  19. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 24 წრე
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 31 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:11.097 (72-ე წრე, 215.654 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 224.5 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 221.5; 3. ვალტერი ბოტასი - 123; 4. ლანდო ნორისი - 114; 5. სერხიო პერესი - 108; 6. შარლ ლეკლერი - 92; 7. კარლოს საინსი - 89.5; 8. პიერ გასლი - 66; 9. დანიელ რიკარდო - 56; 10. ფერნანდო ალონსო - 46; 11. ესტებან ოკონი - 44; 12. სებასტიან ფეტელი - 35; 13-14. იუკი ცუნოდა და ლანს სტროლი - 18; 15. ჯორჯ რასელი - 13; 16. ნიკოლას ლატიფი - 7; 17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) - 2; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19-21. მიკ შუმახერი, ნიკიტა მაზეპინი და რობერტ კუბიცა - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 344.5 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 332.5; 3. ფერარი - 181.5; 4. მაკლარენ-მერსედესი - 170; 5. ალპინ-რენო - 90; 6. ალფატაური-ჰონდა - 84; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 53; 8. უილიამს-მერსედესი - 20; 9. ალფა რომეო-ფერარი - 3; 10. ფაას-ფერარი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162486