მთავარი

13:29 | 5.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის “ტორპედო“ თქვენი ასაგდები არ არის!

ქართველი გულშემატკივრების სამართლიანი ქირქილი და გულისწყრომა გამოიწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებამ ქუთაისის “ტორპედოს“ მომავალთან დაკავშირებით.

"ქუთაისს უნდა მოვუტანოთ ბევრი წარმატება, არამხოლოდ განათლების მხრივ, ხელოვნება იქნება ეს, სპორტი თუ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციის აღდგენა და გაძლიერება, რომლითაც ქუთაისი ძლიერი იყო. ალბათ მალე "ქუთაისის ტორპედოსაც" ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულად და ბევრ სხვა წარმატებასაც ვნახავთ, რომელიც მოჰყვება იმ შემართებას, ამ ქალაქის განვითარების შედეგად რომ იქნება", - განაცხადა კახა კუჭავამ ქუთაისში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

არახალია, რომ საქართველოში პოლიტიკოსები საარჩევნო დაპირებებს რბილად რომ ვთქვათ გადაჭარბებით და უხვად იძლევიან, მაგრამ ნამდვილად ყველა ზღვარს სცილდება აბსურდული ოცნება უღარიბესი ქუთაისური კლუბის ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებაზე, როდესაც ყველა ვხედავთ, რომ ქართულ კლუბები ბოლო წლებში ევროპის საკლუბო ტურნირების ძირითადად პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან პანტა-პუნტით ვარდებიან. ასეთ მძიმე რეალობაში, როდესაც ევროპა ლიგის და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაც კი აუსრულებელ ოცნებად გვაქვს ქცეული, უახლოეს მომავალში ქუთაისის “ტორპედოს“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაზე საუბარიც კი სასაცილოა, არათუ რეალურად მსჯელობა და ხალხის დარწმუნება ამ სრულიად გაუგებარ აბსურდში.

როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მმართველი პარტიის წევრი და საქართველოს პარლამენტის წევრია. ანუ კობიაშვილი ბატონი კახა კუჭავას თანამოაზრე და თანაგუნდელი გახლავთ. ვინ ვინ და მან ალბათ ყველაზე კარგად იცის, მისი მმართველობის დროს როგორ უკან წავიდა ქართული საკლუბო ფეხბურთი და ისიც კარგად მოეხსენება, რომ უსახურ ფარერების კლუბებთანაც კი ქართული გუნდები არასაფეხბურთო ანგარიშით მარცხდებიან. მართალია, არც ადრე ყვაოდა ჩვენი საკლუბო ფეხბურთი, მაგრამ კობიაშვილის მოსვლამდე ხშირად ფლეი-ოფების ეტაპამდე მაინც გავდიოდით და ჩვენზე მდიდარი ბევრი ქვეყნის წარმომადგენელიც გაგვიმწარებია. ახლა კი, ესეც აღარ გვაქვს დასაქადნებლად და გულის გამოსაკეთებლად.

საინტერესოა, ბატონი კობიაშვილი რას ფიქრობს და რას გრძნობ პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის ამ განცხადებების შემდეგ და განიცდის თუ არა თუნდაც მცირე უხერხულობას? ლევან კობიაშვილი ყოფილი ცნობილი ფეხბურთელიცაა და ნეტავ რას ეტყვის ის ქუთაისური კლუბის ფეხბურთელებს, რომლებიც წლიდან-წლამდე თეთრებზე ღვრიან ოფლს (ის თეთრებიც თუ ეღირსათ) და ასეთივე დღეში არიან მათი კოლეგები თბილისიდან, ფოთიდან, გორიდან, ზუგდიდიდან თუ სხვა ქალაქებიდან.

ხსენებული “ტორპედო“ ლამის ყველა სეზონის დასაწყისში გაკოტრების წინაშე დგება, რადგან ვერ იძიებენ თუნდაც მცირე სახსრებს, რომ ფეხბურთელებს მიზერული ხელფასები გაუსტუმრონ და სტადიონის მოვლა უზრუნველყონ. ამის გამო ქუთაისური კლუბის ბევრ ქომაგს აქვს გული გატეხილი და მართლაც გულსაკვლელი სანახაობაა დიდი ტრადიციების მქონე გუნდის ასეთ დღეში ხილვა.

კახა კუჭავა ნამდვილად არაა ის კაცი, სიტყვების ასე გარდი-გარდმო დახეთქება რომ უყვარდეს და არც გულუბრყვილო ქომაგს ჰგავს. როგორც ჩანს, ქუთაისი “ტორპედოს“ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე აბსურდული საუბარით და ამგვარი განცხადებებით ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართველი ქომაგების აბუჩად აგდება უფრო “ზემოთ“ დაგეგმეს და მოიფიქრეს. იმ ხალხზეა საუბარი, იავარქმნილ ტყიბულსა და მცხუნვარე რუსთავს მომავალ ტურისტულ ცენტრებად რომ აცხადებენ...

ჰოდა, ძალიან, ძალიან ცუდად იქცევთ ბატონებო. ქუთაისის “ტორპედო“ თქვენი ასაგდები არ არის!

0.120785