სხვა

1:59 | 5.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნამიბიელმა თინეიჯერმა ბრილიანტის ლიგაზე დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა

ნამიბიელი სპრინტერი კრისტინ მბომა იმით არის ცნობილი, რომ ორგანიზმში ტესტოსტერონის ჭარბი შემცველობის გამო, ზოგ დისტანციაზე ასპარეზობის უფლება არ აქვს. მაგრამ ზოგან დაშვებულია და ისიც, თავის შანსს მაქსიმალურად იყენებს.

ასე იყო ტოკიოს ოლიმპიადაზე, სადაც ტავის ფავორიტ დისტანციაზე - 400 მეტრზე არ დაუშვეს. მაგრამ 200 მეტრზე იასპარეზა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. და როგორც ჩანს, ეს დისტანცია მისი ფავორიტი გახდა. ყოველ შემთხვევაში, ბრილიანტის ლიგის ბრიუსელის შეხვედრაზე, სწორედ 200 მეტრზე იასპარეზა და გაიმარჯვა.

მბომა ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ეს ბრილიანტის ლიგაზე მისი სადებიუტო გამოსვლა იყო. 28 000 მაყურებლის წინაშე, მან ფინიშს 21.84 წამში მიაღწია და უკან მოიტოვა იამაიკელი შერიკა ჯეკსონი (21.95) და ბრიტანელი მსოფლიო ჩემპიონი დინა აშერ-სმიტი. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა ამერიკელი შ’აქარი რიჩარდსონი.

„ეს ჩემი პირველი გამოსვლაა ბრილიანტის ლიგაზე და მიხარია, რომ გავიმარჯვე. ძალიან რთული სეზონი იყო ოლიმპიადით და ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატით, მაგრამ ჯერაც კარგ ფორმაში ვიმყოფები“, - განაცხადა მბომამ, ვინც ორ-სამ წელიწადში, 100 მეტრზე სპრინტში გამოსვლასაც გეგმავს. ჯერ მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგოს, რა შეუძლია.

1 600 მეტრზე (არაოლიმპიური დისტანციაა) სირბილში, საკუთარ მსოფლიო რეკორდს ვერ შესწვდა ჰოლანდიელი სიფან ჰასანი. თუმცა არენა გამარჯვებულმა დატოვა. გაიმრჯვა შვედმა ჭოკით მხტომელმა არმანდ დუპლანტისმაც, ვინც ჯერ 6.05 მეტრზე დადებულ თამასას გადაევლო, მერე კი რეკორდული სიმაღლე (6.19 მეტრი) შეუკვეთა, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. შეგახსენებთ, რომ რეკორდი 6.18 მეტრია და ის სწორედ დუპლანტისს ეკუთვნის.

მბომას მსგავსად, მაღალი ტესტოსტერონის გამო, 400-დან 1500 მეტრამდე დისტანციებზე ასპარეზობის უფლება არც ბურუნდელ ფრანსინ ნიონსაბას აქვს, ვინც ქალთა შორის 800 მეტრზე ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანია (ყოფილი). მაგრამ ბრიუსელში 5 000 მეტრზე იასპარეზა და გაიმარჯვა. მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა კენიელი ჰელენ ობირი, ვინც ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი და ორგზის მსოფლიო ჩემპიონია.

„ჯერაც ვერ გამირკვევია, გრძელი დისტანცია უფრო მომწონს, თუ 800 მეტრი. მაგრამ გამოწვევები მომწონს. ამაზე ბევრს არ ვფიქრობ, რადგან რაცაა, ესაა. მთავარი კი ის არის, რომ მომატება შემიძლია. ამჟამდ ჯერაც სწავლების პროცესში ვარ და დარწმუნებული ვარ, გრძელ დისტანციაზე გაცილებით სწრაფად ვირბენ“, - განცხადა ნიონსაბამ.

მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სპრინტში, გამარჯვება ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა, ამერიკელმა ფრედ კერლიმ (9.94 წამი) მოიპოვა. მან უკან მოიტოვა თანამემამულეები, ტრეივონ ბრომელი (9.97) და მაიკლ ნორმანი (9.98). სხვათა შორის, წინა შეხვედრაზე, რომელიც პარიზში გაიმართა, კერლიმ 200 მეტრზე სპრინტში იასპარეზა და პირადი რეკორდით (19.79) გაიმარჯვა.

0.121517