სხვა

0:13 | 5.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

შამპოუსენმა ვუელტას ბოლოსწინა ეტაპზე გამარჯვება „მოიპარა“

ვუელტაზე დღევანდელი, ბოლოსწინა ეტაპი ისეთი იყო, როგორიც არცერთი წინამორბედი. უამრავი შეტევა და შეტევის მცდელობა, წარუმატებლად დასრულდა. ფინიშამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე, რბოლის ლიდერებს ერთმანეთთან კატა-თაგვობანა ჰქონდათ გამრთული - წითელი მაისურით მოასპარეზე პრიმოჟ როგლიჩის მიზანი ის იყო, რომ ლიდრობა არ დაეკარგა. დანარჩენებს კი მის წითელ მაისურზე ეჭირათ თვალი.

მაგრამ როგლიჩი (ჯუმბო-ვისმა) შარშანდელი ტურ დე ფრანსის გამეორებას აღარ აპირებს. მაშინ ლიდერობა და გამარჯვებაც, ველომარათონის ბოლოს დაკარგა. ამჯერად კი თავს არ ზოგავს და ბოლომდე გამარჯვებისთვის იბრძვის. მე-20 ეტაპის მოგებაც სურდა, მაგრამ ამის საშუალება, ფრანგმა ახალბედამ, კლემენ შამპოუსენმა (AG2R) არ მისცა.

შეიძლება ითქვას, რომ შამპოუსენს გაუმართლა, რადგან ლიდერებს მისთვის არ სცხელოდათ. მაგრამ მხოლოდ გამართლებაც არ ყოფილა - მან უშუალო პაექრობაში აჯობა როგლიჩს და თავის პროფესიონალურ კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

როგლიჩმა წინა ორ ეტაპზე, რომელთა ფინიშიც ცხენს კატეგორიის აღმრთზე იყო, ერთხელ მოიგო და ერთხელაც, მეორედ ადგილი დაიკავა. ამჯერად კი, მეორე კატეგორიის აღმართზე, ვუელტას ახალბედასთან 6 წამი წააგო. თუმცა მისთვის მთავარი ისაა, რომ ბოლო ეტაპის (დროზე რბოლა) სტარტზე, სოლიდური უპირატესობით გავა. მეორე ადგილზე მყოფ ესპანელ ენრიკ მასს (მოვისტარი) ის 2 წუთს და 38 წამს უგებს. ეს კი სოლიდური უპირატესობაა მრბოლისთვის, ვინც ოლიმპიურ ოქროს მედალს, სწორედ დროზე ინდვიდუალურ რბოლაში დაეუფლა.

0.114873