საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებს ბადახოსში ესტუმრება. მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი განსხვავებული მენტალიტეტით ითამაშებს, ვიდრე კოსოვოსთან ითამაშა.
“ნებისმიერ ფეხბურთელი ყოველთვის ემზადება ისეთი შესანიშნავი მატჩისთვის, როგორიც ესპანეთთან თამაშია. ვიცით, რომ ისინი ჩვენზე უკეთესები არიან, მაგრამ პირველი თამაში თანაბარი იყო და ფრე დავიმსახურეთ.
ვეცდებით, ჩვენი იარაღით ვიბრძოლოთ და თავდაჯერებულები ვიყოთ. ეს სხვა თამაშია სხვა გუნდის წინააღმდეგ, გუნდში ბევრი ტრავმირებულია, მაგრამ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გავლენ, მაქსიმუმს ეცდებიან.
კოსოვოს წინააღმდეგ ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ, არა მხოლოდ დაცვაში. თამაშის შემდეგ ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაც უნდა გავაუმჯობესოთ და ვიმედოვნებ, ასე იქნება. ყურადღებს იმ თვისებებზე გავამახვილებთ, რაც გვაქვს. პირველ რიგში ჩემი ფეხბურთელებისგან განსხვავებულ მენტალიტეტს ველოდები, ვიდრე წინა მატჩში გვქონდა“, - თქვა სანიოლმა.
ფრანგ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ახლდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ მინიმუმ ქულის მოსაპოვებლად:
„კოსოვოსთან წაგების შემდეგ ძალიან ძნელია რეაბილიტაცია, მაგრამ ვცდილობთ. ის, რაც რამდენიმე თვის წინ ესპანეთთან გავაკეთეთ, გვეხმარება და ვეცდებით, ეს თამაშის დროს მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ვიცით, რომ ჩვენი გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ყველაფერს გავიღებთ რაც საჭირო იქნება, რომ მინიმუმ ქულა მოვიპოვოთ“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოთხ თამაშში ერთადერთი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო ესპანეთის აქტივში 7 ქულაა და ლიდერ შვედეთს 2 ქულით ჩამორჩება, თანაც თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, რაც ლუის ენრიკეს გუნდის სატურნირო მდგომარეობას ართულებს. საქართველოს ესპანეთში ორჯერ უთამაშია, ერთხელ 0:2 წააგო, ხოლო მეორედ 1:0 მოიგო. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.