სხვა

1:12 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩს ვუელტას მესამე ტიტულამდე 2 ეტაპიღა აშორებს

ვუელტას მე-19 ეტაპი დანიელმა მაგნუს კორტ ნილსენმა (EF ედუქეიშენ) მოიგო, რბოლის ლიდერობას კი კვლავაც სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი ინარჩუნებს, ვისაც ზედიზედ მესამე ტიტულს, მხოლოდ ორი ეტაპიღა აშორებს.

კორტ ნილსენი იმ შვიდკაციან ჯგუფში იყო, რომელმაც ბოლო 20 კილომეტრზე შესანიშნავად იმუშავა და ფინიშთან მცირე სპრინტი მოაწყო. მასში კი დანიელმა მრბოლმა შანსი არავის დაუტოვა და მიმდინარე ვუელტაზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. ხაზი მეორემ პორტუგალიელმა რუი ოლივეირამ (UAE ემირატსი) გადაკვეთა, მესამეზე კი ამერიკელი ქვინ საიმონსი (ტრეკ სეგაფრედო) გავიდა.

როგლიჩმა, ვინც ტოკიოში, დროზე ინდივიდუალურ რბოლაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, ეტაპი პელოტონთან ერთად დაასრულა, რომელმაც ფინიშს გამარჯვებულთან 18-წამიანი ჩამორჩენით მიაღწია.

სლოვენიელი 19 ეტაპის შემდეგ, 2 წუთს და 30 წამს უგებს უახლოეს მდევარს, ესპენელ ენრიკ მასს (მოვისტარი). მესამეზე კი ასევე „მოვისტარის“ კოლუმბიელი მიგელ ანხელ ლოპესია.

„ფინიშამდე ხუთი ან ექვსი კილომეტრი რჩებოდა, როცა ვირწმუნე, რომ მოგება შემეძლო. ყველა დაღლილი იყო და არ მეგონა, რომ პელოტონი ვერ დაგვეწეოდა. მაგრამ ასე მოხდა. ჩემმა თანაგუნდელმა ლოუსონ ქრედოკმა ყველაფერი გააკეთა, რათა კარგ პოზიციაზე გავეყვანე. მის გარეშე ამ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდი. ერთ რბოლაში სამი ეტაპის მოგებაზე, ოცნებაც არ შემეძლო, მაგრამ ეს რეალურად მოხდა და ბედნიერი ვარ“, - განაცხადა კორტ ნილსენმა.

როგლიჩმა კი ვუელტას 50-ე ეტაპზე იასპარეზა ლიდერის წითელი მაისურით. მაგრამ ლიდერობა არ ნიშნავს, რომ გამარჯვება გარანტირებულია. შაბათს ისევ სამთო ეტაპია, რომელზეც მონაწილეებს კატეგორიის მქონე ხუთი აღმართის გავლა მოუწევთ. ველომარათონს კი დროზე ინდივიდუალური რბოლა დაასრულებს.

0.112941