ფეხბურთი

0:36 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას გამო "ლოკომოტივი" დასაჯეს და ვალის გადახდა დააკისრეს

მოსკოვის „ლოკომოტივს“ ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია სოლომონ კვირკველიას გამო აეკრძალა. საქმე ისაა, რომ რუსულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სახელფასო დავალიანება აქვს.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების განმხილველი პალატის გადაწყვეტილებით, კლუბს ქართველი ფეხბურთელის წინაშე დავალიანების გადახდა დაავალეს.

„სოლომონ კვირკველიას განცხადება მოსკოვის „ლოკომოტივის“ მხრიდან დამატებითი ანაზღაურებისა და ბონუსების გადახდის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. დაეკისროს „ლოკომოტივს“, რომ გადაიხადოს ფეხბურთელის დავალიანება და დამატებითი ბონუსი, რომელიც 2019-2020 წლების სეზონში სპორტული შედეგებისთვის ეკუთვნის. გარდა ამისა, კლუბს აეკრძალოს ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვის „ლოკომოტივს“ აკრძალვა მას შემდეგ მოეხსნება, რაც მოთამაშის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2017-2021 წლებში თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. საქართველოს ნაკრების გამოცდილ მცველს ჯერჯერობით ახალი გუნდი არ ჰყავს.

0.112442