ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ჟერარდ მორენო ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს. "ვილიარეალის" ფორვარდმა ნაკრების შეკრება უკვე დატოვა.
მორენოს ბარძაყის კუნთის მცირე დაზიანება აღენიშნება, ტრავმა სერიოზული არ იყო, მაგრამ ლუის ენრიკე და სამედიცინო შტაბი რისკზე არ წავიდნენ. მის ნაცვლად ენრიკეს სხვა ფეხბურთელი არ გამოუძახებია.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ბათუმში კოსოვოსთან 0:1 წააგო და ოთხ თამაშში მოპოვებული ერთადერთი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ესპანეთმა სტოკჰოლმში შვედეთთან ვერაფერი გააწყო, 1:2 დამარცხდა და მუნდიალის შესარჩევ ციკლში 1993 წლის შემდეგ პირველი თამაში წააგო. ლუის ენრიკეს გუნდი საკმაოდ რთულ ვითარებაშია, რადგან ლიდერ შვედეთს 2 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ჯგუფიდან კი მუნდიალის საგზურს პირდაპირ სწორედ პირველადგილოსანი მიიღებს.
ესპანეთი - საქართველოს მატჩი 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.