იტალიის ნაკრებმა ესპანეთისა და ბრაზილიის მსოფლიო რეკორდი გაიმეორა - საქმე ეხება წაუგებელ სერიას. „სკუადრა აძურამ“ ბულგარეთთან (1:1) ფრის შედეგად მიჯრით 35-ე დაუმარცხებელი მატჩი ჩაატარა, რითაც რეკორდი გაიმეორა.
რობერტო მანჩინის გუნდის ეს შთამბეჭდავი სერია სტარტს 2018 წლიდან იღებს და დღემდე გრძელდება. ასევე 35-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა ბრაზილიის ნაკრებს 1993 წლის დეკემბრიდან 1996 წლის იანვრამდე და ესპანეთის ნაკრებს 2007 წლის თებერვლიდან 2009 წლის ივნისამდე.
იტალიამ რეკორდი გაიმეორა, მაგრამ ახლა იდეალური შანსი აქვს მისი ერთპიროვნული მფლობელი გახდეს. 5 სექტემბერს, იტალიელები შვეიცარიასთან სტუმრად თუ არ წააგებენ, ფეხბურთის ისტორიაში ნაკრებებს შორის ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ექნებათ (36 თამაში).
შეგახსენებთ, „სკუადრა აძურამ“ გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის C ჯგუფს ოთხ თამაშში მოპოვებული 10 ქულით ლიდერობს.