ფეხბურთი

21:49 | 2.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კატასტროფა!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი განიცადა, რის შედეგადაც ჯგუფში ბოლო ადგილზე დაქვეითდა.

ბათუმში, კოსოვოს ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო - 1:0. ვილი სანიოლის გუნდმა საოცრად სუსტი თამაში აჩვენა და საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. არ ვაჭარბებთ - „ჯვაროსნებს“ კოსოვოელთა კართან ხიფათის შექმნაც ვერ მოახერხეს და უბრალოდ კატასტროფული თამაში აჩვენეს.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მატჩის დასაწყისში ვედათ მურიქიმ გაიტანა. რომის „ლაციოს“ ფორვარდმა დავით ხოჭოლავას აჯობა და ანგარიში გახსნა. როგორც გაირკვა, ამ გოლმა 3 ქულა კოსოვოს არგუნა.

საქართველოს ნაკრები უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა, რომ არა გიორგი ლორია და კოსოვოელი ფეხბურთელების უზუსტობები. სამწუხაროდ, სანიოლის გუნდს არაფერი გამოუვიდა და პირდაპირ ვთქვათ, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ვერც შემადგენლობა გამოიცნო. საერთოდ, სანიოლის მიერ გამოძახებული შემადგენლობა კითხვებს აჩენს და რამდენიმე საკამათო არჩევანი ნამდვილად გააკეთა.

ასეა თუ ისე, ეს იყო სამარცხვინო თამაში. უფანტაზიო, უემოციო, უმოტივაციო, მონახაზის გარეშე, სტრატეგიის გარეშე. არ იგრძნობოდა გუნდური თამაში და არც ისეთი მოთამაშე იყო მოედანზე, ინდივიდუალურად რომ გადაეწყვიტა თუნდაც ერთი ეპიზოდის ბედი. ცნობისთვის, კოსოვომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისტორიაში პირველი თამაში მოიგო, ხოლო საქართველოს 21 მატჩია მუნდიალის შესარჩევში არ მოუგია - 8 ფრე, 13 წაგება. ბოლო გამარჯვება ისევ 2012 წლით თარიღდება, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილის გოლით ბელარუსს მოვუგეთ...

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 4 მატჩის შემდეგ ჯგუფში ერთადერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, 5 სექტემბერს კი, ბადახოსში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო - კოსოვო 0:1 (0:1)

ბათუმი, „ბათუმი არენა“

საქართველო (4-2-3-1): ლორია; ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი; აბურჯანია (დავითაშვილი 77), კანკავა; წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60); ქვილითაია (ჩაკვეტაძე 77)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

კოსოვო (4-3-3): მურიჩი; ვოივოდა, რაჰმანი, ალიტი, ჰადერგიონაი; ჰალიმი (ლოშაი 68), დრესევიჩი, ბერიშა; კასტრატი (ბიტიკი 68), მურიქი, რაშანი (შალა 90)

მწვრთნელი: ბერნარ შალანდი

გოლი: 0:1 მურიქი (18)

გაფრთხილება: კაშია (63) ხოჭოლავა (77), ჩაბრაძე (88) - ბერიშა (25), კასტრატი (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 6 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: მიკოლა ბალაკინი (უკრაინა)

0.117395