ინგლისში ხარისხიანად მობურთალი მაროკოელი ფეხბურთელი რიად მაჰრეზი თავის ოფიციალურ შეყვარებულს, რეალურად კი ცოლს, მოდელ რიტა ჯოალის ჯერ კიდევ 2018 წელს დაშორდა. თუმცა, ამ ხნის მანძლზე მედიისთვის ბურუსით იყო მოცული ამ ერთი შეხედვით თვალსაამო წყვილის დაშორების რეალური მიზეზები.
სამი წლის შემდეგ რიტამ გადაწყვიტა მაჰრეზისთან დაშორების რეალურ მიზეზებზე ესაუბრა და ბევრისდა გასაკვირად, ოთხწლიანი სიყვარულის შეწყვეტის მიზეზი ფეხბურთელის წარმატებული სპორტული კარიერა გახდა. არადა, როგორც წესი, ცნობილ ფეხბურთელებს ოჯახური ცხოვრება სპორტული წარუმატებლობების შემდეგ ერევათ ხოლმე.
რიტა ჯოალი ამბობს, რომ როდესაც მისი ყოფილი სატრფო და ერთი შვილის მამა, შედარებით პატარა “ლესტერიდან“ მძლე “მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა და იქაც გოლების გატანა დაიწყო, ეს ყველაფერი მალევე თავში აუვარდა, საერთოდ მიივიწყა ოჯახი და იმდენად გაყოყოჩდა, რომ მისი გაძლება შეუძლებელი გახდა. ჰოდა, ეს ლამაზი გოგოც ადგა და წავიდა. აბა რას იზამდა?...