ავტოსპორტი

0:09 | 2.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რასელი მერსედესში, დე ფრისი და ალბონი ალფა რომეოში

ამ ეტაპზე, ფორმულა 1-ში პილოტების გადასვლებთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდი იწერება, მაგრამ მათგან პრაქტიკულად გადაწყვეტილი მხოლოდ ორია: ჯორჯ რასელის „უილიამსიდან“ „მერსედესში“ გადასვლა და ფორმულა 1-დან კიმი რაიკონენის წასვლა. დანარჩენი კი ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია, რომელტაგან ზოგს რეალური საფუძველიც კი აქვს.

მათ შორისაა ის, რომ „ალფა რომეოს“ მომავალ სეზონში ორივე ახალი პილოტი ეყოლება. იტალიური გუნდი თანამშრომლობას არ გააგრძელებს „ფერარის“ სკოლის კურსანტ ანტონიო ჯოვინაცისთან. ის „ფერარის“ მესამე პილოტის როლში დარჩება და იმავდროულად, მარანელოელებთან ერთად, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მილანურ გუნდში კი „რედ ბულის“ ყოფილი პილოტი, ტაილანდელი ალექს ალბონი და „მერსედსის“ სკოლის პილოტი, ჰოლანდიელი ნიკ დე ფრისი (ვინც ახლახანს ფორმულა E-ს მსოფლიო ჩემპიონი გახდა) მივლენ. „ალფა რომეოში“ ამ ორი პილოტის გადასვლა ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარება, რადგან გუნდი „ფერარის“ ძრავებით და ტექნოლოგიებით სარგებლობს.

სხვათა შორის, მოსალოდნლი იყო, რომ ვალტერი ბოტასი „ალფა რომეოში“ გადავიდოდა, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მისთვის ადგილი „უილიამსში“ რჩება, სადაც სამქიმიანებთან გადასვლამდე ასპარეზობდა. დე ფრისს, ვინც ფორმულა 2-ის ჩემპიონი 2019 წელს გახდა, თავიდან სწორედ „უილიამსში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ.

რა თქმა უნდა, რასელის და რაიკონენის გარდა, დანარჩენი ჯერ მხოლოდ ვარაუდებია, რომლებსაც გარკვეული საფუძველი აქვს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ბევრი რამ სხვაგვარად მოხდეს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.178239