კიმი რაიკონენი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ალფა რომეოს“ და მასთან ერთად, ფორმულა ერთსაც დატოვებს. ამის შესახებ თავადვე, სოციალურ მედიაში განაცხადა და დაამატა, რომ ეს გადაწყვეტილება შარშან მიიღო.
„ასეა, ეს ჩემი ბოლო სეზონია ფორმულა 1-ში. ეს გადაწყვეტილება გასულ ზამთარში მივიღე. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ ამ სეზონის ბოლოს, წასვლის დრო და ახალი რამეების დგება. ეს სეზონი ჯერაც მიმდინარეობს, მაგრამ ახლავე მინდა, ჩემს ოჯახს, ყველა ჩემს გუნდს, ყველას, ვინც ჩემს სარბოლო კარიერაში იყო ჩართული, მადლობა გადავუხადო. მაგსაკუთრებით თქვენ, დიდებულ ფანებს, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩემთან ხართ. ჩემთვის ფორმულა 1 მთავრდება, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რომლებიც მინდა გამოვცადო“, - წერს რაიკონენი.
ფინელი პილოტის დებიუტი ფორმულა 1-ში 2001 წელს შედგა. მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2007 წელს, „ფერარისთან“ ერთად მოიპოვა. 2009 წელს ფორმულა 1 დატოვა და რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაინაცვლა. 2012 წელს კი დაბრუნდა.
ბელგიის დიდი პრიზის წინ, რაიკონენმა განაცხადა, რომ იმ ორწლინი პაუზის გარეშე, რომლებიც რალიში გაატარა, მისი ფორმულა 1-ის კარიერა გაცილებით მოკლე იქნებოდა.
„2009 წლის ბოლოს, მე რბოლებით სიამოვნებას კვლავაც ვღებულობდი. მაგრამ ტრასის მიღმა ასე არ იყო. მაშინ რომ გეკითხათ, დაბრუნებას არ ვაპირებდი. მაგრამ ორ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. სხვა კატეგორიების რბოლებში ვმონაწილეობდი, სხვა მეტოქეები მყავდა და ეს სიამოვნებას მანიჭებდა. ამ დროს გაჩნდა დაბრუნების შანსი და მე ის გამოვიყენე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ ორი წლის გარეშე, დღეს აქ არ ვიქნებოდი“, - ამბობს რაიკონენი.