ფეხბურთი

17:30 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანიოლი: "სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვანია, მეკარის პოზიციაზე კი ცვლილების მიზეზს ვერ ვხედავ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში, კოსოვოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა როგორც მოახლოებულ მატჩზე, ისე გუნდში არსებულ ზოგად მდგომარეობაზეც ილაპარაკა.

„ჩემთვის რთულია სატრანსფსერო ფანჯრის შეფასება, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდები შეიცვალეს და საკმაოდ კარგ ჩემპიონატებში გადავიდნენ. ზოგადად კი, შეფასების გაკეთება ადრეა.

ძალიან ბედნიერი ვარ გიორგი მამარდაშვილის პროგრესით, ეს ძალიან კარგია მისთვის და ქართული ფეხბურთისთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა და მას ყველაფერი წინ აქვს. მას მერე, რაც ნაკრებში ვარ, გიორგი ლორია პირველი ნომერია და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ცვლილებები მოვახდინო. ასევე გვყავს ლაზარე კუპატაძე, რომელმაც რუმინეთთან ფანტასტიკურად ითამაშა და ძალიან კარგი მეკარეა, ისევე, როგორც გიორგი მაკარიძე, რომელიც ამჟამად ჩვენთან ერთად არ არის. ყველა სპორტსმენისთის ცუდია, რომ თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდება, თუმცა არსებობს რეგულაციები, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ. ჯერჯერობით მხოლოდ კოსოვოსთან მატჩზე ვფიქრობთ და ესპანეთთან თამაშზე მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აწუხებს. თავიდან განაცხადში შევიყვანეთ იმ იმედით, რომ გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. „რუბინის“ განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, მათი საქმეა, რას დაწერენ - ფაქტია, რომ ის ტრავმირებულია. რა თქმა უნდა, ხვიჩა ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, მაგრამ მის გარეშე უნდა გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ. კოსოვოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თითოეულ მეტოქეს პატივს ვცემთ და რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გურამ კაშიას, დავით ხოჭოლავას და ოთარ კიტეიშვილს ბოლო პერიოდში დიდი დატვირთვები ჰქონდათ კლუბებში და ინდივიდუალურად ამიტომ ვარჯიშობდნენ, მაგრამ ისინი სათამაშოდ მზად არიან და დღეიდან გუნდთან ერთად მოემზადებიან. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, მისი გამოძახება აქამდეც მსურდა, მაგრამ სამხრეთკორეაში არსებული კოვიდრეგულაციების გამო, ეს ვერ მოხეხრდა. ის ყოველთვის იყო ჩემს მონახაზში.

რა თქმა უნდა, როცა 24-25 ფეხბურთელი გყავს მუდმივი სათამაშო პრაქტიკით, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ამჟამად გვყავს უთამაშებელი ფეხბურთელები, მაგალითად გურამ გიორბელიძე, რომელიც დრეზდენის „დინამოში“ ახლახან გადავიდა და გიორგი აბურჯანია, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მაინც გამოვიძახეთ, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები არიან და ვფიქრობ დაგვეხმარებიან. თუმცა, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია სათამაშო პრაქტიკა და ამიტომაც არ არიან გუნდში მაგალითად, ვაკო გვილია და ნიკა კაჭარავა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

ჩაკვეტაძეს ბოლო პერიოდში ბევრი არ უთამაშია, ის 100%-ით მზად არის, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ მალე მზად იქნება. მისი გამოძახება სწორი იყო, რადგან ფეხბურთის თამაშით ისევ უნდა ისიამოვნოს და მას წნეხში არ ვაქცევთ. რაც შეეხება წიტაიშვილს, ვფიქრობ, ის გუნდს გააძლიერებს. იმედია, გუნდში მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება", - თქვა სანიოლმა.

ფრანგ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე ოთარ კიტეიშვილი ახლდა, რომელმაც მცირე კომენტარი გააკეთა: „ყოველთვის ვცდილობ კარგ და საუკეთესო ფრომაში ვიყო. იმედი მაქვს, რომ სანაკრებო მატჩებს მაღალ დონეზე ჩავატარებ. რა თქმა უნდა, გვინდა სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო გადაწყვეტილებას უნდა შევეგუოთ“, - აღნიშნა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებთა მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. გარდა ამისა, ვილი სანიოლის გუნდი 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს, სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგურ თამაშს გამართავს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 ქულა მოიპოვა (შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2 და საბერძნეთთან 1:1).

0.13356