ჭიდაობა

17:15 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეთა მოთხოვნა უცვლელი რჩება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ქართველ მოჭიდავეებს შეხვდა. მოჭიდავეთა მოთხოვნა პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის გადადგომაში მდგომარეობდა. ფალავნებმა მწვრთნელთა დანიშვნის ფაქტიც გააპროტესტეს. შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭო.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სამეთვალყურეო საბჭო იმუშავებს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.

“პრეზიდიუმი იმსჯელებს რიგგარეშე არჩვენების ჩატარების შესახებ. ვიმედოვნებ ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები კანონის საწინააღმდეგოდ არ წარიმართება, რადგან წესდების დაცვა მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

“ზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის გაირკვევა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი, მაგრამ ვიცი, რომ ამ თემაზე სამეთვალყურეო საბჭო იმუშავებს და უახლოეს მომავალში დაზუსტებული ინფორმაცია გვეცოდინება, ხოლო მოჭიდავეები ვარჯიშის განახლებას არ აპირებენ. ლუკა კურტანიძის პრეზიდენტობის დროს ვარჯიშის გაგრძელების სურვილი სპორტსმენებში არ ჩანს. მათი პოზიცია უცვლელია”, – განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

“შეხვედრაზე ახალი არაფერი თქმულა. ჩვენ კვლავ ვითხოვთ ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და იმედი მაქვს ჩვენი მოთხოვნა დადებითად გადაწყდება”, – აღნიშნა დავით მარსაგიშვილმა.

სპორტსმენთა მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ნაკრების მწვრთნელთა ძველი შემადგენლობის დაბრუნება.

შეგახსენებთ, ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ პრეზიდიუმის 37 წევრიდან 25 თანახმა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.154328