ფეხბურთი

22:55 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: "ვეცდებით, დადებით შედეგებს მივაღწიოთ"

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. მეორე ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გიორგი აბურჯანიამ, დავით ხოჭოლავამ და სანდრო ალთუნაშვილმა გააკეთეს და განაცხადეს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.

„პირველ რიგში ჩვენი კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზეა მიმართული, რადგან ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი მატჩია და ძვირფასი 3 ქულა დევს სასწორზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სამი ქულა ჩვენ დაგვრჩეს“, - თქვა აბურჯანიამ.

„პირველი თამაშია ჩემთვის ამ შესარჩევ ციკლში, რადგან წინა შეკრება კორონავირუსის გამო გამოვტოვე. ამ შეკრებაზე მინდა ორმაგად დავეხმარო ნაკრებს და ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ კარგ სსტადიონზე ვითამაშებთ“, - აღნიშნა ხოჭოლავამ.

„ძალიან დიდი ემოცია იყო, როცა გავიგე, რომ ნაკრებში გამომიძახეს. უფრო მეტად გამიხარდა, რადგან ბათუმში გვიწევს თამაში და დასანანია, რომ მაყურებელი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს ვეცდებით, რომ ამ შეკრებაზე ყველა თამაშში სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა ალთუნაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, ბათუმში, კოსოვოს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს შეხვდება, ხოლო 8 სექტემბერს, სოფიაში ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.117935