ფეხბურთი

22:21 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვაკო გვილია პოლონეთის ვიცე-ჩემპიონში ითამაშებს

ვაკო გვილია კარიერას პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ „რაკოვში“ გააგრძელებს. პოლონური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველ ნახევარმცველთან 2+1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ამრიგად, ვაკო ისევ ექსტრაკლასაში ითამაშებს, სადაც ბოლო სამი სეზონი გაატარა.

„ძალიან რთული ოპერაცია იყო. ვაკოს დამატება მიმდინარე წლის მაისიდან გვინდოდა და მოხარულები ვართ, რომ ის შემოგვიერთდა. 8 ნომრის პოზიციის ფეხბურთელია, რომელსაც სრულიად განსხვავებული თვისებები აქვს იმ მოთამაშეებთან შედარებით, რომლებიც ახლა გუნდში გვყავს, რაც უფრო მეტი არჩევანის შესაძლებლობას მოგვცემს“, - თქვა პოლონური გუნდის სპორტულმა დირექტორმა პავეშ ტომჩიკმა.

„ვისაც მოთმინება აქვს, ის ყოველთვის იმარჯვებს. მე აქ ვარ და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. 100%-ით და მეტით დავიხარჯები, რომ კლუბს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო“, - აღნიშნა გვილიამ.

შეგახსენებთ, „რაკოვი“ პოლონეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია და კონფერენს ლიგაზე თამაშობდა, რომლის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინი“ დაამარცხა (0:0, 1:0), ხოლო პლეი-ოფში გიორგი ჩაკვეტაძის „გენტთან“ წააგო (1:0, 0:3). მიმდინარე სეზონში „რაკოვი“ 7 ქულით მეათე ადგილზეა, მაგრამ სხვებთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ვაკო გვილია ბოლო ორი წელი ვარშავის „ლეგიაში“ თამაშობდა და 2019-2020 წლების სეზონი დიდებულადაც ჩაატარა, მაგრამ გასული სეზონი ჩააგდო და გუნდმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. მანამდე 27 წლის ქართველ ნახევარმცველს ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, „მინსკში“, „ბატეში“, „ლუცერნსა“ და „გურნიკში“ უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 35 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115968