საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები იქნებიან ესპანეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია. ეს 4 ნაკრები ერთმანეთში მიმოსვლით 2-2 მატჩს ითამაშებს და ჯამში 6 ტურის შემდეგ 3 საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გავა. ეს ამბავი დღეს, შვეიცარიის დაბა მიესში, ფიბა-ს შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრის შედეგად გახდა ცნობილი.
წილისყრასთან ერთად გაირკვა კალენდარიც. წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგს:
21 ნოემბერი, 2021
საქართველო-უკრაინა
29 ნოემბერი, 2021
ესპანეთი-საქართველო
24 თებერვალი, 2022
საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია
27 თებერვალი, 2022
ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო
1 ივლისი, 2022
უკრაინა-საქართველო
4 ივლისი
საქართველო-ესპანეთი
წილისყრის სრული შედეგები ასე გამოიყურება:
A ჯგუფი: სერბეთი, ბელგია, ლატვია, სლოვაკეთი
B ჯგუფი: საბერძნეთი, თურქეთი, ბრიტანეთი, ბელარუსი
C ჯგუფი: სლოვენია, ხორვატია, ფინეთი, შვედეთი
D ჯგუფი: გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, ისრაელი
E ჯგუფი: საფრანგეთი, უნგრეთი, პორტუგალია, მონტენეგრო
F ჯგუფი: ლიეტუვა, ჩეხეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი
G ჯგუფი: ესპანეთი, უკრაინა, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია
H ჯგუფი: იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია
ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო (ჯამში 24 ნაკრები) მეორე ეტაპზე გააღწევს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდები რა პრინციპით დაწყვილდებიან, ეს ფიბა-ს ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა ფორმატი, დიდი ალბათობით, წინანდელი იქნება: A ჯგუფის სამეული + B ჯგუფის სამეული, C ჯგუფის სამეული + D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეული + F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეული + H ჯგუფის სამეული.
ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი H ჯგუფის (იტალია, რუსეთი, ისლანდია, ნიდერლანდები) საუკეთესო ტრიოსთან შექმნის ახალ ჯგუფს. ახალ ჯგუფებში მანამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთში არ ითამაშებენ, მათ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ. შესაბამისად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს 2-2 მატჩის (შინ და სტუმრად) გამართვა. შესაბამისად, თითო გუნდი მეორე ჯგუფურ ეტაპზეც 6 შეხვედრას ჩაატარებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს თითო ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი (ჯამში 12) მოიპოვებს.
მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებში ჩატარდება.
GBF.GE