ფეხბურთი

11:52 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

როგორ შეაყოვნა ქინქლაძემ ორი საათით „ოაზისის“ კონცერტი

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, გიორგი ქინქლაძემ, ჟურნალ FourFourTwo-ს უთხრა, რომ არ ნანობს კლუბში გატარებულ წლებს. მიუხედავად იმისა, რიმ არაფერი მოუგია. ხოლო ერთხელ მის გამო ძმებმა გალახერეხბა კონცერტზე დააგვიანეს.

ჟურნალის ბოლო, აგვისტოს ნომერში, რომლის მთავარი ამბავი ჯეკ გრილიშის „სიტიში“ გადასვლაა, გამოქვეყნდა კლუბის ქართველი ლეგენდის, გიორგი ქინქლაძის ინტერვიუც. ის ამბობს, რომ დღემდე მეგობრობს ცნობილი როკ-ჯგუფის, „ოაზისის“ ვარსკვლავებთან, ძმებ ნოელ და ლიამ გალახერებთან.

„ოაზისს“ ყოველთვის პატივს ვცემდი, რადგან ისინი „სიტის“ ნაღდი გულშემატკივრები გახლდნენ და თუ გასტროლებზე არ იყვნენ, მატჩს არასოდეს გააცდენდნენ.“ - ამბობს ქინქლაძე,

„ერთხელ, „მეინ როუდზე“ კონცერტის შემდეგ, მათ „სიტის“ ფეხბურთელები კულისებში დაგვპატიჟეს. ჩვენი მეგობრობაც ასე დაიწყო.

ახლო ურთიერთობა დღემდე გრძელდება. მახსოვს, ერთხელ მოსკოვში მათ კონცერტზე მივედი. დაცვის ბიჭი „სიტის“ ქომაგი აღმოჩნდა და ნოელ გალახერთან მიმიყვანა. კონცერტი 15 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ საუბარში ორი საათი გავატარეთ.

17 საათზე ორგანიზატორებმა უკვე კარზე ბრახუნი დაიწყეს, რათა ნოელი როგორმე სცენაზე გაეყვანათ. როცა მანჩესტერში ჩავდივარ, ყოველთვის ვხვდები მას.“

ქინქლაძემ „სიტი“ 1998 წელს დატოვა. მაშინ გუნდი დღევანდელთან შედარებით ორი დივიზიონით დაბლა იმყოფებოდა, მაგრამ ის არ ნანობს, რომ გუნდში სამი წელიწადი გაატარა და რამდენიმე სერიოზულ წინადადებაზე თქვა უარი პრემიერლიგიდან გავარდნის შემდეგ.

„ცხოვრებაში არ მინანია ამაზე და არასოდეს ვინანებ, - აგრძელებს ქინქლაძე, - ჯერ ერთი, უაზრობაა იმაზე დარდი, რაც ათწლეულების წინათ მოხდა.

„სიტისთან“ ერთად ვერაფერს მოვიგებდი, მაგრამ ვხედავდი გულშემატკივრების დამოკიდებულებას ჩემდამი და ამ ნდობას ვერ ვუღალატებდი. ის კაცი არ ვარ, ჩასაძირად განწირული გემიდან რომ გარბის.“

„მას შემდეგ 25 წელიწადი გავიდა, მაგრამ ქომაგებს დღემდე ვახსოვარ. ხანდახან ტრიბუნებზე ქართულ დროშასაც აფრიალებენ და ამაზე დიდი პატივისცემა და გულისხმიერება რა შეიძლება იყოს.”

„როცა დიდი ხნის შემდეგ იქ ბრუნდები და ისევ ტაშს გიკრავენ, ამ გრძნობას სიტყვებით ვერ აგიხსნით. მოთამაშეობისას რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მუხლზე დაჩოქილი „სიტის“ ფანებს ქართულ ენაზე დაწერილი ბანერები ეჭირათ წარწერით - „არ წახვიდე!“

როგორ უნდა წავსულიყავი ამის შემდეგ?“

„ძალიან მინდოდა „სიტისთან“ ერთად რაიმე ჯილდო მომეგო, მაგრამ მხოლოდ ჯილდოებისთვის სხვაგან ვერ წავიდოდი. ახლაც რომ იმავე სიტაუციაში აღმოვჩნდე, იგივეს გავაკეთებდი.“

0.129783