ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი ბელგიის დიდი პრიზით განახლდება. დღეს საკვალიფიკაციო რბოლა წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა და სენსაციური შედეგით დასრულდა. პოულ პოზიციას მაქს ფერსტაპენი დაეუფლა, მეორე დრო კი, „უილიამსის“ ჯორჯ რასელმა დააფიქსირა.
რასელმა პირველი ორი ქულა, საზაფხულო არდადეგების წინ, უნგრეთის დიდ პრიზზე მოიპოვა და მისთვისაც და „უილიამსისთვისაც“ დიდი მიღწევა იყო, როცა კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გადიოდნენ. დღეს კი, საკვალიფიკაციო რბოლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, რასელი პოულზე იყო.
მაგრამ ბოლოს ფერსტაპენმა თავისი სიტყვა თქვა და ცხრილს სათავეში მოექცა. ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი მესამე შედეგს დასჯერდა. მან რასელთან 0.013 წამი წააგო.
კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილში, საუკეთესო დრო „მაკლარენის“ ლანდო ნორისს ჰქონდა, მაგრამ მესამეს დასაწყისში, მოსახვევ ო რუჟში, სველ გზაზე მანქანა ვერ დაიმორჩილა და ზღუდეს შეასკდა. ბედად, ბრიტანელი პილოტი დაზიანებას გადაურჩა, მანქანაც თავისი ფეხით დატოვა. თუმცა ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში მაინც გადაიყვანეს.
ნორისის ავარიის გამო, კვალიფიკაცია 40 წუთით შეწყდა. პაუზის დროს, სანამ დამტვრეული „მაკლარენის“ ევაკუაცია მიმდინარეობდა, წვიმა გაძლიერდა და ტრასა კიდევ უფრო დაასველა, რამაც მესამე ნაწილში რბოლა უკიდურესად გაართულა. ბედად, ინციდენტი აღარ მომხდარა.
ბელგიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:59.765
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2:00.086
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 2:00.099
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 2:00.864
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2:00.935
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2:01.164
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 2:02.112
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 2:02.502
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 2:03.513
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) -
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'57.721
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'58.056
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1'58.137
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1'58.205
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1:58.231
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2'02.306
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 2'02.413
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2'03.973
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2'04.452
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2'04.939
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია