ბელგიის დიდი პრიზის წინ, „რედ ბულმა“ გამოაცხადა, რომ კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელა თავის მექსიკელ პილოტ სერხიო პერესს. ამგვარად, წერტილი დაესვა ჭორებს იმის შესახებ, რომ ავსტრიული გუნდი პერესის შემცვლელს ეძებდა.
წინ სეზონებში „რედ ბული“ ვერაფრით ახერხებდა ისეთი მეორე პილოტის მიწვევას, რომელიც მაქს ფერსტაპენთან ერთად, გუნდს კონსტრუქტორთა ჩემპიონატისთვის ქულებს სტაბილურად დაუგროვებდა. ამის გამო, პერესის სახით მიიწვია პილოტი, რომელსაც „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამა არ გაუვლია. ხარებს მსგავსი რამ, ავსტრალიელი მარკ ვებერის მიწვევის შემდეგ არ გაუკეთებიათ.
„რედ ბული“ განსაკუთრებულ იმედებს ფრანგ პიერ გასლისა და ტაილანდელ ალექს ალბონზე ამყარებდა, მაგრამ ორივემ იმედები გაუცრუა. არადა, „ტორო როსოში“/“ალფატაურიში“ დაბრუნების შემდეგ, გასლიმ კიდევ არაერთხელ გამოიჩინა თავი.
ასეა თუ ისე, პერესი თავის მოვალეობას კარგად ასრულებს და ერთი რბოლის მოგებაც შეძლო. ამჟამად ის მეხუთე ადგილზეა და რეალური შანსი აქვს იმისა, რომ სეზონი მესამეზე დაასრულოს.
ამგვარად, პერესისთვის მომავალი სეზონი მე-12 იქნება ფორმულა 1-ში. მისი დებიუტი 2011 წელს შედგა „ზაუბერში“, რის შემდეგაც ჯერ „მაკლარენში“, შემდეგ კი „ფორს ინდიაში“ (რეისინგ პოინტში) გადავიდა. გასული სეზონი პერესისთვის საუკეთესო იყო კარიერაში - „რეისინგ პოინტის“ (ახლანდელი ასტონ მარტინი) მანქანით მან ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა. არადა, კორონავირუსით ინფიცირების გამო, ორი რბოლის გამოტოვებამ მოუწია.