კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრუნდება. ამის შესახებ ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
როგორს ის ტვიტერში წერს, „წითელი ეშმაკები“ შეთავაზებას ამზადებენ და რონალდუმაც თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს აცნობა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ დასაბრუნებლად მზადაა.
პარალელურად, „მანჩესტერ სიტიში“ გადაწყვიტეს, რომ რონალდუს დამატება არ სურთ და ტრანსფერისთვის ბრძოლას ჩამოშორდნენ. ამრიგად, ახლა პორტუგალიელის ბედი იმ კლუბს უკავშირდება, საიდანაც საფეხბურთო სამყარომ გაიცნო. „იუნაიტედი“ მას კონტრაქტს 2023 წლამდე უმზადებს.
მეორეს მხრივ, უკვე გადაწყვეტილია, რომ რონალდუ „იუვენტუსს“ დატოვებს, მაგრამ მხარეებს შორის კონტრაქტი არსებობს და ეჭვგარეშეა, რომ ტურინული გრანდი 30 მილიონ ევროს ითხოვს. ამასობაში, პორტუგალიელმა ტურინი დატოვა და ლისაბონში გაემგზავრა, სადაც სულ მალე პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს. ბოლო ცნობებით, "მანჩესტერმა" "იუვეს" 28 მილიონი ევრო შესთავაზა და ტრანსფერი წარმატებით დაიხურება.
სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 4 დღე რჩება და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ 36 წლის რონალდუ 12 წლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდება, რომლის მაისურით 292 მატჩში 118 გოლი აქვს გატანილი.