ჩოგბურთი

2:39 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღია პირველობაზე ვენუს უილიამსიც არ ითამაშებს

აშშ-ის ღია პირველობას ვენუს უილიამსიც გამოაკლდა. თავისი უმცროსი დის მსგავსად, ისიც ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ის მესამე ამერიკელი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ამერიკულ ტურნირს გამოტოვებს. უილიამსების გარდა, ნიუ იორკში ვერც სოფია კენინი ითამაშებს.

„გუშინ სერენა დღეს მე - კარგი ამბავი არ მაქვს. აშშ-ის ღიაზე თამაშს ვერ შევძლებ. ძალიან, ძალიან, ძალიან გაწბილებული ვარ. მთელი ზაფხული ფეხზე პრობლემები მაქვს. უბრალოდ, გასაქანს არ მაძლევს“, - ვიდეო პოსტში ამბობს 41 წლის ვენუსი, ვისაც აშშ-ის ღია პირველობა ორჯერ აქვს მოგებული და ერთხანს მსოფლიოს პირველი ჩოგანიც იყო.

ვენუსი, ვისაც კარიერაში დიდი სლემის შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული, ამბობს, რომ აშშ-ის ღია მისი ფავორიტია დიდი სლემის ტურნირებს შორის და მასზე არყოფნა მისთვის სამწუხაროა.

ამგვარად, 2003 წლის შემდგ, აშშ-ის ღია პირველობა პირველად ჩაივლის ისე, რომ მასზე არცერთი უილიამსი არ ითამაშებს. სამი ამერიკელის გარდა, ქალთა ტურნირზე ვერც რუმინელი სიმონა ჰალეპი ითამაშებს.

თუ უილიმსებს ტრავმები აწუხებთ, კენინის შემთხვევაში, მიზეზი კორონავირუსით ინფიცირებაა. „ახლახანს აცრა გავიკეთე და ამან სიმპტომები შემიმსუბუქა. მაგრამ ტესტზე დადებითი პასუხი მაქვს, რაც თამაშის საშუალებას არ მაძლევს. მომდევნო რამდენიმე კვირას გამოჯანმრთელებას დავუთმობ და იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე თამაშს შევძლებ“, - განაცხადა 22 წლის კენინმა.

0.10323