ფეხბურთი

1:16 | 27.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი ევროთასებზე: კიტეიშვილის მორიგი გოლი პლეი-ოფში, ჩაკვეტაძის "გენტი" ჯგუფურ ეტაპზეა

ევროპა ლიგის პლეი-ოფში ოთარ კიტეიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა. „შტურმის“ ქართველმა ნახევარმცველმა სლოვენიურ „მურას“, როგორც პირველ შეხვედრაში, ისე საპასუხო მატჩში გაუტანა.

ოთარმა ანგარიში 39-ე წუთზე გახსნა და 74-ე წუთამდე ითამაშა. „შტურმმა“ 2:0 მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი 5:1 იმარჯვა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. კიტეიშვილმა სეზონი დიდებულად დაიწყო და 7 თამაშში 4 გოლთან ერთად 2 საგოლე პასიც მიითვალა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფში დამარცხდა, მაგრამ კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს ბრატისლავის „სლოვანი“. ვლადიმირ ვაისი გუნდმა პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ შინ 2:2 ითამაშა, მაგრამ სტუმრად 0:3 ჰქონდა წაგებული. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. ამრიგად, „სლოვანი“, რომელმაც ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებს.

ამავე ტურნირის ჯგუფში გავიდა ნიკა ნინუას პაოკ-ი, რომელმაც ხორვატულ „რიეკას“ სტუმრად 2:0 და ორი მატჩის ჯამში 3:1 აჯობა. ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არ იყო.

კონფერენს ლიგის ჯგუფში გავიდა გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“, რომელსაც პოლონურ „რაკოვთან“ წაგებული ჰქონდა (0:1), მაგრამ შინ 3:0 მოიგო და ეს ბარიერი დაძლია. ჩაკვეტაძე მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა და ორი საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა.

გარდა ამისა, კონფერენს ლიგის ჯგუფში ითამაშებენ გიორგი ლორიას, ნიკა კაჭარავას და თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ და დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“. ევროპა ლიგის ჯგუფში კი გიორგი ხარაიშვილისა და ლაშა დვალის „ფერენცვაროშია“. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელის არცერთი კლუბი თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112713