ფეხბურთი

23:01 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" "სივასპორი" გაანადგურა, ქეცბაიას "ანორთოსისი" კონფერენს ლიგის ჯგუფშია

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ უეფას ახალი ტურნირის, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. თემურ ქეცბაიას გუნდმა პლეი-ოფში ბეერ-შევას „ჰაპოელი“ დაამარცხა.

ამ გუნდებს შორის პირველი თამაში ისრაელში უგოლოდ დასრულდა, ხოლო კვიპროსში „ანორთოსისი“ უკეთესი იყო და 3:1 იმარჯვა. მატჩის გმირი ვეტერანი ბერძენი ნახევარმცველი ლაზაროს ხრისტოდოპულოსი იყო, რომელმაც 62-ე და 69-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და ყველაფერი გადაწყვიტა. ფამაგუსტელთა შორის გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და 3 სეივი შეასრულა. „ანორთოსისმა“ ასპარეზობა ევროპა ლიგაზე დაიწყო, მაგრამ იქ ვერ მოახერხა წარმატების მიღწევა და კონფერენს ლიგის ჯგუფში გააღწია. ფამაგუსტური გუნდი ევროთასის ჯგუფში 13-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს, მაშინაც გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა.

ამავე ტურნირის ჯგუფში ითამაშებს დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“. დანიურმა გუნდმა თურქულ „სივასპორს“ ძალიან ადვილად მოუგო, რომელმაც მანამდე ასპარეზობას „დინამო ბათუმი“ გამოთიშა. იეს თორუპის გუნდმა პირველი თამაში თურქეთში 2:1 მოიგო, ხოლო „პარკენზე“ „კოპენჰაგენი“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა და 5:0 იმარჯვა, ორი მატჩის ჯამში კი თურქული კლუბი 7:1 გაანადგურა. ხოჭოლავა დანიური გუნდის ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრია და ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა.

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 27 აგვისტოს გაიმართება

0.138398