ფეხბურთი

19:39 | 26.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბორდალასი: "შეიძლება რომელიმე წავიდეს, მაგრამ ახლა გუნდში ოთხი მეკარეა"

ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ალავესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მას გიორგი მამარდაშვილის შესახებ ამჯერად შეკითხვა არ დაუსვეს, მაგრამ სამაგიეროდ მოუწია საუბარი ზოგადად მეკარეების თაობაზე.

„ღამურებში“ ამ დროისთვის 4 მეკარე ირიცხება და არაა გამორიცხული ერთ-ერთმა გუნდი დატოვოს. ცხადია, ის არ იქნება ქართველი კარის დარაჯი, რომელიც ესპანური მედიის ცნობით, „ალავესთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

„შესაძლებელია, რომ ფეხბურთელები მოვიდნენ და წავიდნენ კიდეც. ჩვენ გუნდისთვის საუკეთესოსთვის ვმუშაობთ. ახლა 4 მეკარე გვყავს და სანამ განსხვავებული სიახლეები არ იქნებიან, ისინი „ვალენსიას“ ფეხბურთელები არიან“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, „ვალენსია“ ლა ლიგის მესამე ტურში „ალავესს“ უმასპინძლებს (28 აგვისტოს, თბილისის დროით 00:15 საათზე). გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ორივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარეც გახდა.

0.123698