კამერუნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიუ კონსეისაუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ლივერპულის“ მცველს, ჟოელ მატიპს ეროვნულ გუნდში დაბრუნება არ სურს.
მატიპმა ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღო. მიზეზად ის მწვრთნელებთან გართულებულ ურთიერთობას ასახელებდა.
„მატიპთან დაკავშირებული ვითარება არ შეცვლილა. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ გუნდში დაბრუნება სურთ, მაგრამ რატომ მოვიწვიო ის მოთამაშეები რომლებსაც ნაკრებში გამოსვლა არ უნდათ? მატიპს თავად აღარ სურს ნაკრების მაისურის მორგება. ესაა მთავარი პრობლემა“ - უთხრა კონსეისაუმ BBC-ის.
სექტემბერში კამერუნის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩი უწევს. 3 სექტემბერს ისინი მალავის უმასპინძლებენ, ხოლო 6-ში კოტდივუარს ესტუმრებიან.
მატიპს კამერუნის ნაკრებში 2010-15 წლებში იძახებდნენ. „ლომების“ მაისურით მან 27 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.