ვუელტას მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა ველომარათონის მე-11 ეტაპი მოიგო, მაგრამ ეს წინა დღეს დაკარგული ლიდერობის დასაბრუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა, ლიდერთან ჩამორჩენა კი შეამცირა.
„ჯუმბო-ვისმას“ მრბოლი წინა ეტაპზე დაეცა, მერე კი ლიდერობა ნორვეგიელ ოდ კრისტიან ეიკინგს (ინტერმარკე) გადააბარა, რომელმაც დღესაც დაიტოვა წითელი მაისური. სლოვენიელმა ეტაპის მიწურულს, გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო, რაშიც მხარი ესპანელმა ენრიკ მასმა (მოვისტარი) აუბა. ერთობლივი ძალისხმევით, მათ ფინიშამდე 350 მეტრით ადრე, უკან მოიტოვეს დაწინაურებული დანიელი მაგნუს კორტ ნილსენი. ბოლოს კი როგლიჩმა სპრინტში აჯობა მასს.
„რთული ეტაპი იყო. მოკლე მანძილი გვქონდა, მაგრამ საშინლად ცხელოდა. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იღბლად, საკმარისი ძალა დამრჩა იმისთვის, რომ გამემარჯვა. მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. მკვეთრ აღმართზე კარგი ფინიში გვქონდა. ასეთ გზებზე თავს კარგად ვგრძნობ. გუნდმაც კარგად იმუშავა და მთელი დღე მეხმარებოდა“, - განაცხადა როგლიჩმა, ვინც ამ მოგების შემდეგ, ეიკინგთან ჩამორჩენა წუთსა და 56 წამამდე შეამცირა.
ნილსენი თითქმის მთელი ეტაპის განმავლობაში წინ იყო, მაგრამ ბოლო კილომეტრის მკვეთრმა აღმართებმა ძალა ბოლომდე გამოაცალა. როგლიჩმა გადამწყვეტი შეტევა მაშინ წამოიწყო, როცა ფინიშამდე 200 მეტრი რჩებოდა და 24-პროცენტიანი დახრილობის მქონე აღმართი იყო გასავლელი. მასი აჰყვა, მაგრამ მეტოქეს სამი წამით ჩამორჩა.