„პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა მსოფლიოში საუკეთესოობას უმიზნებს და ფრანგულ გუნდში კეილორ ნავასთან კონკურენციის არ ეშინია. იტალიელის განცხადებით, ის პსჟ-ში სათამაშოდ გადავიდა.
„პარიზში სათამაშოდ ჩამოვედი, პსჟ-ს ჩემი დამატება უნდოდა და მეც მინდოდა აქ თამაში. ნავასი? კონკურენციის არ მეშინია, ნავასი შესანიშნავი მეკარეა, მაგრამ აქ სათამაშოდ ვარ. კონკურენცია კარგია ყველასთვის და მათ შორის, ჩვენთვისაც. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ძირითადის მეკარე ვიყო, მაგრამ კონკურენცია კარგია, რადგან გაზრდაში გეხმარება. სათამაშოდ მზად ვარ.
ნავასთან კონკურენცია გასახდელში პრობლემას არ ქმნის, ის შესანიშნავი ადამიანია, მეგობრები ვართ და არანაირი პრობლემა არ არსებობს. მინდა გავხდე მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, შრომით და მონდომებით წარმატებას მივაღწევ“, - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელს „პარი სენ ჟერმენში“ დებიუტი ჯერ არ ჰქონია. ის ბოლო მატჩში „ბრესტის“ წინააღმდეგ განაცხადში პირველად მოხვდა, მაგრამ სათადარიგო სკამზე იყო.