სხვა

1:51 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფენომენალური შედეგით გაიმარჯვა

ქალთა შორის 100 მეტრზე სპრინტში 10.54 ფენომენალური შედეგია, მაგრამ მსოფლიო რეკორდი მაინც არაა. რეკორდი (10.49) ისევ ლეგენდარულ ფლორენს გრიფიტ-ჯოინერს (1988 წელს დაამყარა) ეკუთვნის. მის შედეგს კი იამაიკელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ელეინ თომპსონ-ერა მიუახლოვდა. მან სწორედ 10.54 წამში გაირბინა პრეფონტენის კლასიკური, რომელიც მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგის მორიგი შეხვედრაა.

გამარჯვებულმა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე, ოქროს მედლები 100 და 200 მეტრზე სპრინტში მოიპოვა (იგივე დუბლი რიოშიც შეასრულა), განაცხადა, რომ თავადაც გაოცებულია ასეთი შედეგით. მან დაახლოებით წამის ორი მეათედით აჯობა თავის სახელოვან თანამემამულე შელი-ენ ფრეიზერ-პრაისს, ვინც 100 მეტრზე სპრინტში, ასევე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (პეკინი, ლონდონი).

მხოლოდ ბოლო ადგილს დასჯერდა ამერიკელი ვარსკვლავი შა’ქარი რიჩარდსონი, ვინც ტოკიოში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ ოლიმპიადაზე გამოსვლა, მარიხუანას მოხმარების გამო ვერ შეძლო. „თუ გინდათ, ჩამომწერეთ. მაგრამ მე დარჩენას ვაპირებ“, - განაცხადა რიჩარდსონმა.

მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სპრინტში, კანადელმა ანდრე დე გრასემ მოიპოვა, ვინც ტოკიოში ამ დისტანციაზე ბრინჯაოს დასჯერდა. მან 9.74 წამში გაირბინა და უკან მოიტოვა ამერიკელები, ფრედ კერლი (9.78) და რონი ბეიკერი (9.82).

„ვფიქრობ, ოლიმპიადაზე იმ დღეს ცუდი სტარტი ავიღე და ამან წამაგებინა. ამჯერად ყველაფერი კარგად გამოვიდა. სტარტიც კარგად ავიღე და აჩქარებაც შევძელი. ასე რომ, ფინიშამდე ვიცოდი, რომ მოვიგებდი“, - განაცხადა დე გრასემ.

ტოკიოს კიდევ ერთმა ბრინჯაოს მედალოსანმა, ამერიკელმა ნოა ლაილსმა, 200 მეტრზე სპრინტში, სეზონში მსოფლიოს საუკეთესო დროით (919.52 წამი) მოიგო. მერე კი განაცხადა, რომ ტოკიოში განცდილი მარცხის შემდეგ, თერაპიის ხუთი კურსის გავლა დასჭირდა.

მიმდინარე სეზონში ბოლო გამოსვლა გამარჯვებით დააგვირგვინა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქალთა შორის 800 მეტრზე სირბილში, 19 წლის ამერიკელმა ათინგ მუმ. ის ამბობს, რომ დასვენების დრო კვირების განმავლობაში არ ჰქონდა და ამის გაკეთებას ახლა აპირებს.

ქალთა შორის 3 000 მეტრზე სტიპლჩეიზი კენიელმა ნორა ჯერუტომ მოიგო. მან ფინიშს 8 წუთსა და 53.65 წამში მიაღწია, რაც სეზონში მსოფლიოს საუკეთესო შედეგია.

0.113781