ფეხბურთი

17:16 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

Championat: "ხვიჩა რუსეთიდან უნდა წავიდეს, თუ დარჩება, ტრავმებსაც უფრო ხშირად მიიღებს"

რუსულმა გამოცემა Championat.com-მა გამოაქვეყნა რამდენიმე ფეხბურთელის სია, რომლებმაც რუსეთის პრემიერლიგა აუცილებლად უნდა დატოვონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რეგრესი დაეწყებათ.

ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის შესახებ გამოცემა წერს, რომ თუ რუსეთში დარჩება, ტრავმების რაოდენობაც დიდი ალბათობით გაიზრდება და გარდა ამისა, დეგრადაციაც დაეწყება.

„ხვიჩა კვარაცხელია წასვლის აშკარა პრეტენდენტია. ამ შემთხვევაშიც ფეხბურთელის ამბიციები აღარ შეესაბამება კლუბს. ქართველმა გადალახა თანაგუნდელების დონე და მას სჭირდება ახალი გამოწვევა, რათა არ დაეწყოს დეგრადაციის პროცესი. ფეხბურთელის აგენტმა არც ისე დიდი ხნის წინ წასვლის ალბათობა თითქმის 90%-ით შეაფასა, შემდეგ იყო შეხვედრა მენეჯმენტთან და ამის შემდეგ სიჩუმე, მიუხედავად იმისა, რომ პრესა კვლავ ავრცელებს ინფორმაციას „ტოტენჰემში“ სავარაუდო ტრანსფერის შესახებ. თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ვარაუდის დონეზე რჩება. ბრიტანელი ინსაიდერები არ მიიჩნევენ, რომ გარიგება დასასრულს უახლოვდება. თუ ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა, ხვიჩა აღმოჩნდება სიტუაციაში, რომელიც ვლაშიჩის სიტუაციის მსგავსია. კლუბი არ თამაშობს ევროტურნირებზე, მაგრამ ზამთრამდე მაინც აუცილებლად მოუწევს თავისი დონის ჩვენება. სად უნდა ვეძებოთ მოტივაცია? ახლა ხვიჩა ტრავმას იშუშებს, მაგრამ თუ რუსეთში დარჩება, დაზიანებები უფრო ხშირი გახდება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ხვიჩას ბოლო პერიოდში ლონდონის „ტოტენჰემს“ უკავშირებენ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი მხოლოდ 10 დღეა დარჩენილი.

0.127892