ფეხბურთი

14:45 | 22.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "სერენში" დაბრუნებას უახლოვდება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე სავარაუდოდ „სერენში“ დაბრუნდება. ბელგიური მედია ამის შესახებ აქტიურად წერს. ნიჭიერ ქართველ ფორვარდს „სერენში“ სიამოვნებით დაიბრუნებენ, „მეცში“ კი მას სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა.

walfoot.be-ს ინფორმაციით, ფრანგული გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრედერიკ ანტონეტი ჯერჯერობით არ განიხილავს გიორგის თამაშის შესაძლებლობას და ამიტომ, ბელგიაში დაბრუნებაც რეალურია. გიორგი „სერენში“ ისევ იჯარით გადაბარგდება და მომდევნო სეზონს ბელგიის იუპილერ ლიგაში გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ „სერენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორდი კოდნომმა დაადასტურა, რომ გუნდი ფორვარდს დაიმატებს, მაგრამ ვინაობა არ დაუსახელებია; „მენეჯმენტს ვუთხარი, რომ გაძლიერება გვჭირდებოდა. ძალიან კარგი ამბავი მივიღე: მომდევნო კვირაში დავიმატებთ ცენტრალურ მცველს და თავდამსხმელს“, - თქვა მან და ეს მიქაუტაძის დაბრუნების ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

გასულ სეზონში მიქაუტაძემ 22 გოლით შეიტანა წვლილი იმაში, რომ „სერენი“ ბელგიის მთავარ დივიზიონში აღზევდა, სადაც ახლა 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მეცხრე ადგილზეა. 20 წლის ფეხბურთელმა „მეცში“ მიმდინარე სეზონში ერთადერთი მატჩი ჩაატარა, ისიც მხოლოდ 5 წუთი ითამაშა „ლილთან“, ხოლო დღეს „რეიმსთან“ გასამართი შეხვედრის განაცხადში არც იმყოფება. გიორგის საქართველოს ნაკრებში დებიუტი მარტში ჰქონდა, ივნისში კი რუმინეთთან სადებიუტო გოლიც გაიტანა.

0.112865