სხვა

1:54 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტას მე-7 ეტაპი ავსტრალიელმა სტორერმა მოიგო

ავსტრალიელმა მაიკლ სტორერმა თავის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება, ვუელტას მე-7 ეტაპზე მოიპოვა. ველომარათონის ლიდერის წითელი მაისური კი ვუელტას ორგზის (და მოქმედმა) ჩემპიონმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა შეინარჩუნა.

სტორერმა (ტიმ DSM) ფინიშთან 21 წამით მიასწრო ესპანელ კარლოს ვერონას (მოვისტარი), რომელიც ბოლო, პირველი კატეგორიის კილომეტრიან აღმართზე ჩამოიტოვა. 152-კილომეტრიან მეშვიდე ეტაპზე, ველომრბოლებს სულ ექვსი აღმართის გავლამ მოუწიათ. მათგან ორი პირველი კატეგორიის იყო, ორი მეორე კატეგორიის და ორიც - მესამე კატეგორიის.

„ვუელტაზე ეტაპის მოგებას არ ველოდი. კარგ ფორმაში კი ვარ და გაბედვა მჭირდებოდა. დღეს ეს გავაკეთე და ბედნიერი ვარ. და იმავდროულად, გაკვირვებულიც. მართლა ძალიან რთული ეტაპი იყო. ბოლო კილომეტრი კი საერთოდ არ იყო სასიამოვნო“, - განაცხადა სტორერმა.

როგლიჩს (ჯუმბო-ვისმა) ლიდერობის კიდევ ერთხელ დაკარგვის საშიშროება ჰქონდა, რადგან დაწინაურებულთაგან ერთ-ერთს, მისი ჩამოტოვება შეეძლო. მან სტორერთან 3-წუთნახევარი წააგო და ფინიშზე მე-16 მივიდა. რაც მთავარია, წითელი მაისური კვლავ მისია.

ის კი, ვინც მის ლიდერობას დაემუქრა, თვით ოლიმპიური ჩემპიონი, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასია (ინეოს გრენადერსი). თუმცა თანაგუნდელთა დახმარებით, შუა გზაზე როგლიჩმა შეძლო მისი დაწევა. საბოლოოდ კი ნახევარი წუთითაც ჩამოიტოვა.

და მაინც, თუ ეტაპის წინ, სლოვენიელი უახლოეს მდევარს, ესპანელ ერიკ მასს (მოვისტარი) 25 წამს უგებდა, ახლა მისი უპირატესობა მხოლოდ 8 წამია. და მდევარიც სხვაა - ავსტრიელი ფელიქს გროსშარტნერი (ბორა-ჰანსგრო).

„ძალიან ცხელოდა და პირველივე აღმართზე მთელი ენერგია დავხარჯე. მერე კი მხოლოდ ფინიშზე ვფიქრობდი. დღეს ბევრი შეტევა იყო და მომდევნო ეტაპებზეც ასე იქნება. ჩვენი ბიჭები კარგად მუშაობენ და ალბათ ასეც გაგრძელდება“, - განაცხადა როგლიჩმა.

ვუელტას მისი ყოფილი ჩემპიონი, ესპანელი ვეტერანი ალეხანდრო ვალვერდე (მოვისტარი) გამოეთიშა. ის დაღმართზე მოძრაობისას დაეცა და მართალია, გაგრძელება სცადა, მაგრამ რამდენიმე წუთში ასპარეზობა მაინც შეწყვიტა.

0.151206